ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს.

"მოხდა შეიარაღებული თავდასხმა "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე. მივმართავთ სამართალდამცავებს, უსწრაფესად იქნას გამოძიებული მომხდარი ფაქტი", - აცხადებენ პარტიაში.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

"მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.