"როცა მითხრეს, შენი გოგონა ძალით ჩატენეს მანქანაშიო, ერთი სიცოცხლე გავათავე" - კვირის პალიტრა

"როცა მითხრეს, შენი გოგონა ძალით ჩატენეს მანქანაშიო, ერთი სიცოცხლე გავათავე"

"ჩემი შვილი ისე სწრაფად შეაგდეს მანქანაში, რომ მიშველება ვერავინ მოასწრო"

ნიზამ ბაირამოვი: "ითვლება, რომ ქალი ადრეულ ასაკში თუ არ გათხოვდა, მერე შინაბერა დარჩება. მე არ ვებრძვი ტრადიციებს, ვინც ასე ფიქრობს,

ღმერთმა ხელი მოუმართოს"

სოფელ ფონიჭალაში მცხოვრები აზერბაიჯანელი 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცების საქმე მეტად რეზონანსული გამოდგა - მისმა ნათესავებმა რუსთავი-თბილისის ტრასა გადაკეტეს. ამის შემდეგ ძებნაში პოლიცია აქტიურად ჩაერთო. 4 დღის მერე გოგონა გამტაცებლებმა შინ დააბრუნეს. სტატისტიკურად სწორედ აზერბაიჯანელ მოსახლეობაშია გავრცელებული არასრულწლოვანთა ნაადრევად გათხოვება თუ მოტაცება, რასაც ბაირამოვებმა საჯარო ომი გამოუცხადეს. მომხდარს რამდენიმე სასამართლო პროცესი მოჰყვა: პოლიციის შენობაში შეჭრის ბრალდებით ბაირამოვების ნათესავებს ჯარიმა დააკისრეს, 18 წლის ა.ი.-ს და მის სამ თანამზრახველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სამირას მშობლები ჟურნალისტებს ემადლიერებიან მხარდაჭერისთვის, თუმცა საუბრისაგან თავს შორს იჭერენ. ეს შეხვედრა გამონაკლისი აღმოჩნდა, - ჩაკეტილი ალაყაფის კარიდან შემთხვევით გამოსულ ნიზამ ბაირამოვს გულწრფელად ვუთხარით მადლობა, რომ მისმა ოჯახმა ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრა და ამით მაგალითი ბევრს მისცა.

ნიზამ ბაირამოვი, სამირა ბაირამოვას მამა: - ქალ-ვაჟი მყავს.

მე და ჩემი ცოლი სულ იმას ვფიქრობთ, როგორ გავზარდოთ, რა ვასწავლოთ შვილებს. ჩემი მშობლებიც ასე არიან. მამაჩემმა ერთხელ რომ თქვა, - შვილიშვილებს სკოლაში მე ვატარებო, მას შემდეგ ეს წესი არ დაურღვევია. ახლა ვიღაცამ ძალით მოუნდომა წაყვანა, ამას როგორ შევარჩენდი!

როცა მითხრეს, შენი გოგონა ძალით ჩატენეს მანქანაშიო, ერთი სიცოცხლე გავათავე.

- ვინ შეგატყობინათ?

- ბავშვი ქვემო ფონიჭალის სკოლაში სწავლობს, იქ ბევრი ჩვენი თანასოფლელიც დადის... სამირას მასწავლებელმაც დაინახა, გოგო ასფალტზე როგორ წაიქცა და როგორ ცდილობდა თავის დახსნას. ყოჩაღი კია, მაგრამ ოთხ კაცს როგორ მოერეოდა!

ისე სწრაფად შეაგდეს მანქანაში, რომ მიშველება ვერავინ მოასწრო.

- თქვენი თანასოფლელი, 18 წლის ა. ი., რომელიც სიძეობას გიპირებდათ, რუსეთის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, სამირას ცოლად შერთვა მას თქვენს მეზობლად მცხოვრებმა ბებიამ ურჩია.

- ჭკუა არც ბიჭს ეყო და არც მის მშობლებს. როგორ ვერ იფიქრეს, რომ არ დავთანხმდებოდი. ამის მიუხედავად, უხეშად არ მოვქცევივართ, შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია!

- თუმცა, ზოგიერთი თქვენი თანასოფლელი მიიჩნევს, ქალიშვილზე ძალადობა არ ყოფილა და გამტაცებლების წინააღმდეგ სარჩელი არ უნდა შეეტანაო.

- აბა, მათი აზრით, რა უნდა მექნა?! არ ვიცოდი ჩემი შვილი, რა დღეში იყო და გულზე ხელი უნდა დამეკრიფა?! იმ ხალხს უნდა მოვფერებოდი, რომლებმაც ჩემი გოგონა ძალით შეტენეს მანქანაში?

- ტრასა მას შემდეგ გადაკეტეთ, რაც პოლიციას უმოქმედობა შეატყვეთ?

- პოლიციაში გვითხრეს, ვერ შეგპირდებით, რომ თქვენს შვილს მალე ვიპოვითო. გამწარებულ მშობელს ასე არ უნდა მოექცე.

- შეიძლება ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მსგავს შემთხვევაში ხშირად აზერბაიჯანელი მოსახლეობა რიგდება და ქორწილიც იმართება.

- ასე რომ მნდომოდა, ამ ამბავს არ ავტეხდი. ვფიქრობ, ეს მაგალითი უნდა იყო ყველასთვის, ვისი შვილიც ასეთ დღეში ჩავარდება. ახლა შვილი შინ მყავს, მის მომავალს საფრთხე არ ემუქრება და სულ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის!

- თქვენმა მეზობლებმა მითხრეს, ამ გატაცების გამო შესაძლოა, სამირას გათხოვება გაუჭირდეს ან საერთოდ ვეღარ გათხოვდესო.

- ამას იმიტომ ამბობენ, რომ მუსლიმანებს ადრე გათხოვების ტრადიცია გვაქვს. ითვლება, რომ ქალი ადრეულ ასაკში თუ არ გათხოვდა, მერე შინაბერა დარჩება. მე არ ვებრძვი ტრადიციებს; ვინც ასე ფიქრობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე და ჩემს ცოლს უმაღლესი განათლება გვაქვს და ორივემ ვიცით, სამედიცინო თვალსაზრისით ნაადრევ გათხოვებას რა შეიძლება მოჰყვეს. ჩემი უფროსი ვაჟი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და სულ ეუბნება დას, ადრე გათხოვება საჭირო არ არისო. სამირასაც ექიმობა უნდა.

- კანონმდებლობით, თუ თქვენ სარჩელი არ გამოიტანეთ, გამტაცებლებს პატიმრობა ემუქრებათ.

- სარჩელის გამოტანას არ ვაპირებ, თუმცა ადამიანის ციხეში ჯდომა ნამდვილად არ მინდა!