"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..." - კვირის პალიტრა

"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..."

პოლიციამ მეზობლებს ანიშნა, მეუღლეს არ უთხრათ, დახოცილები რომ არიანო

"პარკში გახვეული ბავშვი დედას გულზე დაუწვინეს და გვითხრეს, ასე დაასაფლავეთ, გირჩევთ, არ გახსნათო. ასე მივაბარეთ მიწას დედა-შვილი"

ზემო ფონიჭალაში მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა საქართველო შეძრა. ასეთ დროს ძნელია სანუგეშო სიტყვა უთხრა ოჯახს, რომელმაც გარეწრის ხელით განგმირული დედა-შვილი მიწას მიაბარა. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა მარიამი ჯერ დანით მოკლეს, მერე იმ ოთახს წაუკიდეს ცეცხლი, სადაც ბავშვი იყო. მაშველებმა საძინებლიდან 3 წლის გოგონას დამწვარი ცხედარი გამოასვენეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე 44 წლის ნონა რომანაძეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელში ჰქონდა მიYყენებული. მოგვიანებით ცხედრები სოფელ ქაქუთში, ბიძის ოჯახში გადაასვენეს, იქ, სადაც ნონა გაიზარდა.

უცნობია, ვინ და რატომ დახოცა ისინი სადისტურად. მეზობლების თქმით, კორპუსში განგაში 12 საათზე ატყდა, მას შემდეგ, რაც მამფორიების საძინებელში კვამლი შენიშნეს.

ნინო ყანდაშვილი, კარის მეზობელი:

"მეზობელი ყვიროდა, ნონას სახლიდან კვამლი გამოდისო. ჩვენს ბინებს ერთი კედელი ყოფს. არც ხმაური გამიგია და არც ბავშვის ტირილი. ტოლები იყვნენ ჩვენი შვილები და სულ ერთად თამაშობდნენ. ნონა პედაგოგი იყო. იდეალური ცოლქმრობა ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამ საშინელების დროს ბავშვსაც ეღვიძა. დედას ფაფა მოუმზადებია, კომპიუტერში მულტფილმი იყო ჩართული, ალბათ, მარიამი უყურებდა".

თავდაპირველად მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა განიხილებოდა, ითქვა, რომ ბინაში 7.000 ამერიკული დოლარი და ოქროული ინახებოდა, მაგრამ სამართალდამცველთა მტკიცებით, სახლიდან არაფერია წაღებული. მკვლელობის კიდევ ერთ მოტივად შურისძიება განიხილება, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ მათ მტერი არ ჰყავდათ.

დადგენილია, რომ ტრაგედიის დროს სახლში მხოლოდ დედა-შვილი იყო. სახლიდან პირველად ნონას მეუღლე, ოთარ მამფორია გავიდა, ხოლო შემდეგ ოთარის უფროსი ვაჟი, მერაბი წავიდა სკოლაში. როგორც ჩანს, მკვლელი ხელსაყრელ მომენტს ელოდა და ბინაში მაშინ შეიჭრა.

სამართალდამცავები მთელი დღე ჰკითხავდნენ მოკლული ქალის მეუღლეს ოთარ მამფორიას.

"არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი ცოლ-შვილი. ვერსია არა მაქვს. სახლში ფული რომ ინახებოდა, ეს ბევრმა იცოდა: ჩემმა მამიდაშვილმა, მეზობელმაც...

თავიდან მეგონა, ყაჩაღობის მიზნით მოხდა თავდასხმა, მაგრამ ფული წაღებული არ არის. რამდენიმე საათს გაგრძელდა ჩემი დაკითხვა, გამომძიებელი მეუბნებოდა, მტერი ვინ გყავდათო. არ გვყოლია მტერი. ჩემი დაკითხვით რომ ვერ გაიგეს ვერაფერი, მეუბნებოდნენ, შენ მოკალი ისინიო. გავგიჟდი. ან მტერი, ან ვინმე გიჟი ხომ არ გყავთ, მითხარი, ვის შეეძლო ეს ჩაედინაო. არ მაქვს ამაზე პასუხი და რა მეთქვა?"

ნატო ჯიქიძე და მისი მეუღლე იუზა მამფორია წლების მანძილზე იმ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ტრაგედია მოხდა. იუზა და ოთარი ნათესავები არიან. ნატო ჯიქიძის თქმით, ოთარ მამფორიას ცხოვრების მძიმე გზა აქვს გამოვლილი.

- ოთარს პირველი მეუღლე 2009 წლის დეკემბერში დაეღუპა. მაშინ წყვილი მეორე შვილს ელოდა. 6 თვის ფეხმძიმე იყო. ქალს ეპილეფსია სჭირდა და შეტევის დროს დაიღუპა. ოთარმა საპირფარეშოში იპოვა გარდაცვლილი, სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ ვერ უშველეს. პირველი ქორწინებიდან 13 წლის მერაბი ჰყავს.

მერე შეირთო ნონა რომანაძე. ნონასთვის ეს პირველი ქორწინება იყო. ძალიან თბილი, მოსიყვარულე გოგო იყო. იშვიათად დაიბადება მისნაირი ადამიანი. ჩემი შვილის ნათლია იყო. ტრაგედიის წინადღეს ჩემი შვილი წაიყვანა ეკლესიაში და აზიარა.

საოცრად უვლიდა ნონა შვილებს. მერაბს არაფერს აკლებდა, ეზოში რომ უშვებდა, ფანჯრიდან უყურებდა, ამბობდა, ამდენი უბედურება ხდება და მეშინიაო.

იმ დილით ჯერ ოთარი გამოვიდა სახლიდან, მერე მერაბი წასულა სკოლაში. მერაბი ამბობს, ბინის კარი არ დამიკეტავს, ნონას მივაძახე, კარი დაეკეტაო.

ნონა ყველას კარს არ გაუღებდა. თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი იყო.

- თქვენ როდის გაიგეთ მომხდარი?

- 12 საათი იქნებოდა კარზე ბრახუნი გაისმა. მეზობელი ყვიროდა, ჩქარა, ნონას სახლი იწვისო. შევბრუნდი ტელეფონზე, ვიფიქრე, იქნებ გასულია სახლიდან და რამე ჩართული დარჩა-მეთქი. რომ არ მიპასუხა, სასწრაფოდ ოთარს დავურეკე. ჩემმა ქმარმა აიღო ყურმილი. ოთარი მანქანას რეცხავდა და სასწრაფოდ გამოიქცა.

სახანძროს მოსვლამდე მეზობლები შევიდნენ ბინაში, ნონა მისაღებ ოთახში ეგდო დასისხლიანებული, ყელში გაყრილი ჰქონდა რაღაც. საძინებლის ფანჯარა გასკდა და ცეცხლის ალი გამოვარდა. პოლიციამ მეზობლებს ანიშნა, მეუღლეს არ უთხრათ, დახოცილები რომ არიანო. ისე წაიყვანეს ოთარი პოლიციაში, არაფერი იცოდა.

ვფიქრობთ, ბავშვს ეღვიძა, რადგან ბინაში კომპიუტერი ჩართული იყო. ჩემი ვარაუდით, ჯერ მოკლეს და მერე გადაიტანეს გვამი საძინებელში, კვალის წაშლის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ოთარის ძმის ცოლი ამბობს, დილით ადრე "ოდნოკლასნიკი" ჩართული ჰქონდა ნონას, მისი გვერდი ციმციმებდაო. ესეც ადასტურებს, რომ მას არ ეძინა, თან ყავაც აქვს მოდუღებული. ბავშვისთვის ფაფაც მოუმზადებია.

იუზა მამფორია, მამიდაშვილი: "დილას 8 საათზე გავდივართ მე და ოთარი და საღამოს შემოვდივართ. დედისერთა ვარ და სულ ერთად ვიყავით. დარწმუნებული ვარ, გაიხსნება ეს შემზარავი დანაშაული. პარკში გახვეული ბავშვი დედას გულზე დაუწვინეს და გვითხრეს, ასე დაასაფლავეთ, გირჩევთ, არ გახსნათო. ასე მივაბარეთ მიწას დედა-შვილი. ოთარ მამფორიას თქმით, მტერი არ ჰყავდათ, ვერც ნონას ნათესავებს აუხსნიათ მომხდარი.

გამოძიება გრძელდება. იმედია, სამართალდამცველები სიმართლეს დაადგენენ და დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

თეა ხურცილავა