"ბაბუცას ჩამოსვლაც ტელევიზიით გავიგეთ... უამრავი რამ მინდა ვკითხო დედაზე" - რას ამბობს დარეჯან კოხტაშვილის ქალიშვილი?! - კვირის პალიტრა

"ბაბუცას ჩამოსვლაც ტელევიზიით გავიგეთ... უამრავი რამ მინდა ვკითხო დედაზე" - რას ამბობს დარეჯან კოხტაშვილის ქალიშვილი?!

28 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდა კოტაკინაბალუს ტუსაღი ბაბუცა გორდაძე და ამით თითქოს "მალაიზიური საგაც" დასასრულს მიუახლოვდა. თუმცა, კაჯანგის ციხეში რჩება კიდევ ერთი ქართველი პატიმარი დარეჯან კოხტაშვილი, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაბრუნდება...

გორდაძის საქართველოში ჩამოსვლამ საზოგადოებას უკვე მერამდენედ გაუღვივა ინტერესი მალაიზიის 2010 წლის ოქტომბრის ხმაურიან საქმეზე, რომლის მთავარი გმირები, ყველასთვის მოულოდნელად, ქართველი ქალები აღმოჩნდნენ...

სამშობლოში დაბრუნებული ბაბუცა გორდაძე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მედიასთან სატუსაღოში გატარებული წლების გახსენებას ჯერჯერობით თავს არიდებს, ამიტომ საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია, რა მოხდა სინამდვილეში მალაიზიაში - ქართველი ქალები დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი არიან თუ თანამზრახველები...

დარეჯან კოხტაშვილს შინ უკვე გაზრდილი ქალიშვილები და პატარა შვილიშვილები ელოდებიან. "კვირის პალიტრამ" შეძლო დარეჯანის ქალიშვილთან გასაუბრება.

მარი კოხტაშვილი, დარეჯანის ქალიშვილი:

- ბებოს ღამეები არ სძინავს ნერვიულობით, ერთი სული აქვს, როდის ნახავს შვილს... ზუსტად არ ვიცით, როდის გამოუშვებენ დედას, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ცოტა დარჩა...

სიკვდილით რომ აღარ დასჯიდნენ, ეს დაკავებიდან ორი წლის შემდეგ გავიგეთ. თითქოს არც გვჯეროდა. მისი დაკავების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დედაზე ვიყავით მიჯაჭვულები. თან უმწეობის განცდა გვკლავდა, რომ ვერაფრით ვეხმარებოდით. მაშინ ხალხის განწყობა სხვადასხვაგვარი იყო, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, მაგრამ ერთი კი ვიცოდით - არც ერთი დედა არ გარისკავდა ასეთ საქმეზე წასვლას, მით უმეტეს, დედაჩემი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, დედაზე ცუდს ხომ არ იტყვისო, მაგრამ ის ხალხი, ვინც დარეჯანს იცნობს, დამეთანხმება... იმ რთულ პერიოდში ბებია, მეგობრები და მამა დაგვიდგნენ გვერდში, ახლაც ერთად ველოდებით მის დაბრუნებას. ელდარ დავითიანი მას მერე არ შეგვხმიანებია, შემოდგომაზე გავიგეთ, რომ ციხიდან გათავისუფლებულა. ბაბუცას ჩამოსვლაც ტელევიზიით გავიგეთ, ჯერჯერობით არც მას დაურეკავს, არადა, უამრავი რამ მინდა ვკითხო დედაზე....

დედაზე ამბებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიგებთ და მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია...

თვითონ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს დარეკვას, ოღონდ მხოლოდ ჩვენს ამბებს კითხულობს, ცუდად რომც იყოს, არ იტყვის... ჩვენი ხმის გაგონება ამშვიდებს და ამბობს, რომ ამით ბედნიერია... ბოლოს ერთ თვის წინ ველაპარაკეთ, სულ რამდენიმე წუთით...

როცა ჩამოვა, ვიცი, ყველაფერს მოგვიყვება და სიმართლეს აუცილებლად გავიგებთ.

იხილეთ სრულად