"FBI-ს გარეშე ვერაფერს გახდებიან" - რას ჰყვება დაკავებული ჯამალაშვილის შვილი, რომელმაც "ჯაშუშური ვირუსი" შექმნა - კვირის პალიტრა

"FBI-ს გარეშე ვერაფერს გახდებიან" - რას ჰყვება დაკავებული ჯამალაშვილის შვილი, რომელმაც "ჯაშუშური ვირუსი" შექმნა

"კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს"

პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ საზოგადოება იმდენად ააფორიაქა, რომ ამ თემამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენებიც კი გადაფარა. მსგავსი ვიდეომასალის შექმნა, დაარქივება და შანტაჟის მიზნით გამოყენება, წინა ხელისუფლების აპრობირებული მეთოდი იყო. თუმცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაშინ მხოლოდ იღებდნენ და არ ასაჯაროებდნენ და ეს სწორედ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. როგორც ჩანს, გასული კვირის სკანდალი არც პირველია და არც უკანასკნელი...

ასე იყო თუ ისე, ამ სკანდალურ ვიდეოებზე საზოგადოების უმწვავესი რეაქციის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ 5 პირის: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძისა და ზურაბ ჯამალაშვილის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ღურწკაიამ ერთ-ერთ რედაქციას მიმართა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება სთხოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ღურწკაიამ ხელი კუდ-ის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს დაადო და განაცხადა, რომ მასალა მისგან მიიღო. ხაჭაპურიძემ მიმწოდებლად მეგობარი, ინგა ჩატოიანი დაასახელა, მან - ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, ამ უკანასკნელმა კი ზურაბ ჯამალაშვილისკენ გაიშვირა ხელი.

ზურაბ ჯამალაშვილი ჰაკერ ვასილ ჯამალაშვილის მამაა. თავის დროზე ვასილ ჯამალაშვილმა შექმნა ვირუსი, რომელსაც იმხანად არსებული ვერც ერთი ანტივირუსი ვერ ერეოდა. მსხვერპლის კომპიუტერი ვირუსდებოდა და შედეგად კომპიუტერით ხდებოდა თვალთვალი. სწორედ ასე უთვალთვალებდნენ "ქართული ოცნების" წევრებსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ვასილ ჯამალაშვილი (2012 წლის 18 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე) კუდ-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

"მამა ჩემგან ვერანაირ ვიდეოჩანაწერს ვერ მიიღებდა"

ვასილ ჯამალაშვილი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა: - მამას სხვა ოჯახი ჰყავს და ჩვენ ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორჯერ შევხვდი. მისი დაკავების ამბავიც ტელევიზიით გავიგე. მამა ჩემგან ვერანაირ ვიდეოჩანაწერს ვერ მიიღებდა. ყველას გასაგონად ვაცხადებ, თავის დროზე ვირუსის შექმნის გამო მედებოდა ბრალი და არა ფარული ჩანაწერების გადაღება-გავრცელებისთვის. ჩემი შექმნილი ვირუსი კი რასაც აკეთებდა, ყველამ იცის.

- მგონი, ახალმა ხელისუფლებამ ეს ვირუსი გააუვნებლა.

- არ ვიცი, შეიძლება.

- შეიძლებოდა ეს ვირუსი კვლავ თვალთვალისთვის გამოეყენებინათ?

- ჩვენ რომ წამოვედით, ვირუსზე მუშაობა შეწყდა. ანტივირუსებიც უმჯობესდება და ვფიქრობ, ის ვირუსი უკვე გამოუსადეგარია. თუმცა, შესაძლოა, შემდგომ მისი განვითარებაც მოხდა...

- კიბერსფეროში მამათქვენიც თქვენსავით პროფესიონალია?

- მას ამ სფეროსთან არავითარი კავშირი არა აქვს. არც კუდ-ში უმუშავია.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ასეთი ვიდეოები არ გავრცელდეს?

- ეს შეუძლებელია. ამ მხრივ შსს-ს უმოქმედობაში ვერ დავადანაშაულებ, ის ვიდეომასალების გასვლისთანავე ბლოკავს კადრებს, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა ნახოს... მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბერდანაშაულის შემსწავლელი განყოფილება, ამ საქმის გამოძიება ძალიან რთულია და საქართველოს ძალოვანი უწყებები ეფ-ბი-აის გარეშე ვერაფერს გახდებიან. რამდენადაც ვიცი, მიმართეს კიდეც, მაგრამ პროცედურები დიდ ბიუროკრატიას შეიცავს...

ეფ-ბი-აის შეუძლია "იუთუბიდან" IP-მისამართის გაგება, თუმცა, ეს დამნაშავის დადგენას არ ნიშნავს. შეიძლება სხვა ქვეყნის ვთქვათ, ინტერნეტკაფედან აიტვირთა, რაც გამოძიებას გაართულებს.

გარდა ამისა, კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია IP-მისამართის შეცვლა. ასე რომ, რთულია ამ საქმის გახსნა, თუმცა, ვფიქრობ, დამნაშავის დადგენა მაინც არ გაუჭირდებათ. ეს ჩემი აზრია და მეტს აღარ დავაზუსტებ...

"ხაჭაპურიძე და ჩატოიანი აგენტები არიან"

გიორგი ფოფხაძე, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი: - თქვენ ნახავთ, რომ ფხალაძე ჯამალაშვილს ხელს არ დაადებს. ფხალაძემ დახურულ პროცესზეც თქვა, მისთვის ხელი არ დამიდვიაო.

- მაშინ ვინ ადებს ხელს?

- ინგა ჩატოიანი, რომელიც თავიდან ამბობდა, არ ვიცი, ვის ჰქონდა ეს ვიდეომასალაო, მერე კი გამოძიებას უთხრა, უი, გამახსენდა, ჯამალაშვილს ჰქონდაო.

- ჯამალაშვილი ოდესმე შსს-ში მუშაობდა?

- 80-90-იან წლებში სპეცრაზმელი იყო.

- ფაქტია, რომ გელა ღურწკაიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩნდა და ამბობს, რომ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლისგან, ნიკოლოზ ხაჭაპურიძისგან მიიღო...

- ხაჭაპურიძე და ჩატოიანი აგენტები არიან. ჩატოიანი ხაჭაპურიძის ძალიან ახლო მეგობარია.

რატომ გაათავისუფლეს ინგა ჩატოიანი?

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ინგა ჩატოიანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მას ნივმტკიცებების ამოღებაში დაეხმარა.

სასამართლომ ჩატოიანს 5.000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ჯაშუში ვირუსი...

"ქართული ოცნების" კომპიუტერების 25% დავირუსებული იყო. ვირუსი "ხედავდა" ეკრანზე გამოსულ ინფორმაციას, აკეთებდა სქრინშოტს (კოპირება), უღებდა ფოტოს, ავტომატურად რთავდა ვიდეოკამერას და ვიდეოთვალსაც", - ეს განცხადება პოლ ჯოილმა, რომელიც ამერიკული კომპანია NSI-ს დირექტორი და უსაფრთხოების საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გახლდათ, 2012 წლის არჩევნებამდე გააკეთა.

"ეჭვი მქონდა, რომ ნაცემი იყო და ვცადე, მისთვის თავშალი ჩამომეხსნა"

თეა ჩიქოვანი, ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე: - ზურა განტევების ვაცია. რადგან ვასილ ჯამალაშვილის მამაა, პროკურატურას უნდა, რომ ხელი შეაწმინდოს. ჩემი მეუღლის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატი ირაკლი ფხალაძე ჩემი მეუღლის მეგობარია, აგენტი ხაჭაპურიძე და მისი მეგობარი ქალი ინგა ჩატოიანი კი ფხალაძესთან იყვნენ დაპირისპირებული. დავის საგანი იყო ხაჭაპურიძის ბინა, რომელიც ადვოკატ ფხალაძის ძალისხმევით სააღსრულებო წესით გაიყიდა. შესაძლოა, ხაჭაპურიძემ ღურწკაიას მართლაც გადასცა ეს ვიდეომასალა, მაგრამ გამოძიების ჯაჭვი სწორედ აქ წყდება. ხაჭაპურიძე არ ასახელებს პირს, ვისგანაც ეს მასალა მიიღო.

- ოფიციალური ინფორმაციით, ჩატოიანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მისი მეშვეობით ამოიღეს საჭირო ნივთმტკიცება.

- ვერავინ დამარწმუნებს, რომ საეჭვო მასალის განსათავსებლად ჩემი მეუღლე ჩემს ლეპტოპს იყენებდა. ახლა ეს ლეპტოპი და ტელეფონი ექსპერტიზაზეა, რათა წაშლილი მასალები აღადგინონ... დარწმუნებული ვარ, ვერაფერს იპოვიან, მაგრამ თუ აღმოჩნდა, ვიტყვი, რომ მასალა ჩემს პირად ტექნიკაში საგანგებოდ ჩაამონტაჟეს.

- სასამართლო პროცესზე თქვენ სცადეთ, ინგა ჩატოიანისთვის თავშალი ჩამოგეხსნათ.

- ეჭვი მქონდა, რომ ნაცემი იყო და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს. თუმცა თვითონ ეს ყურის ტკივილით ახსნა.

- ჩატოიანი თქვენს მეუღლეს საიდან იცნობდა?

- ჩატოიანი მაკლერობდა. ერთი-ორჯერ შემთხვევით შევხვდით ქუჩაში და დავინახე, რომ ჩემმა მეუღლემ მოიკითხა.