საყვარელიძის გათავისუფლების კვალდაკვალ, უკრაინაში ქართველი პროკურორი მოდებაძე დააკავეს - კვირის პალიტრა

საყვარელიძის გათავისუფლების კვალდაკვალ, უკრაინაში ქართველი პროკურორი მოდებაძე დააკავეს

უკრაინის სამხრეთის რეგიონის სამხედრო პროკურატურამ ოდესის ოლქის პროკურატურის თანამშრომელი ალექსანდრე მოდებაძე დააკავა, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ განუცხადა. მისი განმარტებით, მოდებაძე, რომელიც დავით საყვარელიძემ პროკურორად მიმდინარე წლის 16 მარტს დანიშნა, 5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. კუცენკოს ინფორმაციით, მოდებაძე ეჭვმიტანილია ასევე, გამოძიებაზე ზეწოლაში. "თანხას ის იმ სისხლის სამართლის საქმის დახურვისთვის იღებდა, რომელიც პოლიციაშია აღძრული. ასევე ქონებაზე დადებული ყადაღის ახსნისთვის", - აღნიშნა კუცენკომ. როგორც ცნობილია, გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა დავით საყვარელიძე გენპროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"