"ბერძენიშვილმა აცნობა პოლიციას, მაგდამ მოკლა ქმარ-შვილიო..."
31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონია 5 საათზე მეტ ხანს იხილავდა ბრალდებულ მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმეს. ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურა კი ირწმუნება, რომ საქმეში არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად.
პროკურორმა ელენე ჩხაიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მტკიცებულებებზე, რისი გამოკვლევაც სასამართლო პროცესზე მოხდება. ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ რამდენიმე მტკიცებულების, მათ შორის მთავარი ნივთმტკიცების- უროს საქმიდან ამორიცხვა მოითხოვა. მისი მტკიცებით, გამოძიებამ საპროცესო ნორმების დარღვევით დაათვალიერებინა გამყიდველ დიანა დიასამიძეს აღნიშნული ურო, თუმცა მოსამართლემ დაცვის პოზიცია არ გაიზაირა, ისევე როგორც არ გაიზიარა ადვოკატ ფხალაძემ მოითხოვა ბინიდან ამოღებული პაპიძის ჩანაწერები საქმიდან ამოღებულიყო. შეგახსენებთ,პროკურატურის მტკიცებით, საქმეში ირიცხება პაპიძის მიერ რვეულსი ჩაწერილი სია, რომლსაც გამოძიება დანაშაულის გეგმად მიიჩნევს. პროკურორის თქმით, ჩანაწერის ექაპერტიზით დადგენილია, რომ ხელწერა მაგდა პაპიძეს ეკუთვნის და მისი მტკიცებულებებიდან ამოღების საფუძველი არ არსებობს.
ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ ამ ჩანაწერზეც გააკეთა განმარტება: "რაც შეეხება რვეულს, მე არასოდეს ვმალავდი ჩემი ოჯახის პირად ხარჯთაღრიცხვას. როდესაც განმეორებით დაკითხვაზე შემოვიდნენ გამომძიებელი და პროკურორი ელენე, მე ვთქვი, რომ ვაკეთებდი ჩემი ოჯახის ხარჯთაღრიცხვას და თავად ვთხოვე გამომძიებლებს მოეძებნათ უჯრაში ჩემი რვეული, სადაც ჩანაწერები იქნებოდა. ვთხოვე წასულიყვნენ ჩემთან სახლში. მივუთითე, თუ სად უნდა ენახათ ეს რვეული, სადაც ჩაწერილი მქონდა, როგორ ვიყიდე მეუღლის მითითებით ურო და ლურსმნები. ზომები ვერ დავიმახსოვრე ლურსმნების, მეუღლემ მიკარნახა და ამიტომ ჩავიწერე - თურმე მე როცა ეს ვუთხარი გამომძიებელს, უკვე რამდენიმე დღის ნანახი და ამოღებული ჰქონდათ რვეული. მითხარით რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი გააკეთებდა გეგმას და ჩაწერდა რვეულში"?!
საბოლოოდ სხდომაზე მოსამართლემ ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ გაიზიარა. მათ შორის მაგდა პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლა.
"ჯერ სასამართლოზე არავინ დაკითხულა, მოწმეთა ჩვენებები უნდა მოვისმინოთ, არის საფრთხე, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე. ბრალდებული თავიდანვე შეეცადა კვალი წაეშალა, სისხლიანი ნივთები, ურო, ურნაში გადააგდო, თავიდანვე ცდილობდა პასუხისმგებლობას გაქცეოდა. საუბარია საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობაზე. მან რაც თქვა ჩვენებებში, ყველა გადამოწმდა და არც ერთი მისი ნათქვამი არ აღმოჩნდა სიმართლე. კარგად იცის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რა სასჯელი ელოდება მას. ის თავს აარიდებს სასამართლოში გამოცხადებას და მიიმალება. არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი. ადვოკატები ცდილობენ გაამართლონ დასაცავი, ეს გასაგებია. ჩვენ მიგვაჩნია რომ ის უნდა დარჩეს პატიმრობაში",- განაცხადა ადვოკატის საპასუხოდ პროკურორმა ელენე ჩხეიძემ. პროკურორის შეფასებას მაგდა პაპიძის პასუხი მოჰყვა: "მე მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი, მოვითხოვ როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა, აქცენტს ნუ გააკეთებთ იმაზე, რომ ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია. წარმოიდგინეთ ჩემი სულიერი მდგომარეობა. მე ვერ ვიგლოვე ჩემი ორი კაცი, ჩემი მეუღლე და შვილი. მე ხელებში ისინი თბილები ჩამრჩნენ. თავისუფლება მინდა იმიტომ, რომ გული მოვიოხო, ვერ გადმოგცემთ იმ ტკივილს, რაც მაქვს. მე შველას ვთხოვდი მეზობლებს, სამედიცინო პერსონალს, ქუჩაში ვიდექი და ყველას დახმარებას ვთხოვდი. ძალიან გავიცდი ჩემს მდგომარეობას. გთხოვთ დაკონკრეტებით ნუ ისაუბრებთ იმაზე, რომ ეს ჩემი ჩადენილია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის", - თქვა მან. არც ეს კომენტარი დაუტოვებია პროკურორს რეპლიკის გარეშე, განაცხადა, ამს საქმეში მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ მაგდა პაპიძე გვიშლიდა ხელს სასწრაფო რომ გამოგვეძახაო.
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. "ბატონო მოსამართლევ, არასოდეს მქონია შეხება სასამართლოსთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მინდა სწორედ საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილონ ჩემი საქმე. მინდა, მათ შეიგრძნონ როგორც დედის, ქალის, ბრალდებულის მდგომარეობა, ამიტომ მინდა ავირჩიო ნაფიცი მსაჯულები" - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, მათი შერჩევის სხდომა 2016 წლის 7 აპრილისთვის ჩაინიშნა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ბრალდებულის ოჯახის წევრებს. მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე გამოძიებას არ ენდობა. ამბობს, რომ მას ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი აქვს. კითხულობს სად გაქრა მოწმე ბერძენიშვილი და დარწმუნებულია, რომ მან ბევრი რამე იცის. (გამოძიების მტკიცებით, სწორედ ბერძენიშვილი იყო პაპიძის საყვარელი და მკვლელობამდე სწორედ მას მიუტანა მაგდამ თავისი ოქროულობა, რომელიც მოწმემ გამოძიებას წარუდგინა).
ლანა პაპიძე:
- მაინტერესებს რატომ გაიქცა ბერძენიშვილი, უცნაურად გაუჩინარდა ეს ბიჭი. მისმა ყველა ახლობელმა დამბლოკა "ფეისბუკზე", რაც ასევე უცნაურად მეჩვენება. ეჭვები მაქვს. პირადად არ ვადებ ხელს, მაგრამ ხომ არის მესამე ხმა, რაღაცას ვგრძნობ, ეს ხმა მკარნახობს, რომ ის არის რაღაცაში გარეული. არ უნდა გაქცეულიყო. ამბობენ, რომ არის ყაზბეგში და თავი შეაფარა მონასტერს. დედაჩემს გამომძიებელმა უთხრა, რომ პოლიციაში პირველი ზარი სწორედ ოთო ბერძენიშვილის შევიდა ამ ამბის მერე, მან დაასმინა ჩემი და და პოლიციას განუცხადა, რომ მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი დახოცა, მითხრას რატომ დარეკა მან?
ამ ფაქტს რატომ არ იკვლევენ? არ ვენდობი გამოძიებას. რადგან ბევრი კითხვის ნიშანია, რაც დღემდე არ გარკვეულა. ოთო ბერძენიშვილი დაკითხულია, მაგრამ ისე არა, როგორც საჭირო იყო. რატომ ჩემიანები არ გაუჩინარდნენ, ეს კაცი რატომ გაქრა ასე უკვალოდ? არის კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი, იმ დროს იმ ურნასთან, სადაც ურო იპოვეს, ვერცხლისფერი "მერსედესი" დაფიქსირდა და ეს თურმე კადრებში ჩანს. ზუსტად ის პერიოდია დაფიქსირებული, როცა მაგდა გაცდა "ლუკოილის" სადგურს და მიდიოდა ქმარ-შვილის საძებნელად. მაგდა იხსენებს იმასაც, რომ გამოვედი "ბმვ"-ს მარკის მანქანამ ფარები ამინთოო...
ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა:
- ასე მგონია ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება ყველაფერი და მაგდას უდანაშაულობა დამტკიცდება. ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ ამ საქმეს, ეს მაგდამ აირჩია, ალბათ ასე ჯობდა. მივენდოთ ღმერთს. ჩემი შვილი პოლიციელებმა სცემეს და მას შვილი მოსცილდა, ის ორსულად იყო. ღუდუშაურში სისხლდენით გადაიყვანეს და ამას ექიმები დაადასტურებენ. რაც შეეხება ხელნაწერს, მე ამას ეჭქვეშ ვაყენებ. მითხარით, რომელი დედა მოკლავს ბავშვს? სულ თან დამაქვს ჩემი მაგდას ნაწერი, რომელიც იმ ნაწერისგან განსხვავებულია. ექსპერტი ამბობს მისი ნაწერიაო, მაგრამ ხომ შეიძლება ექსპერტზე ზეწოლა მოხდა, არ ვიცი. ნამდვილად მჯერა რომ თავის შვილს არ მოკლავდა და ვერ მოკლავდა ომარის, ამაშიც დარწმუნებული ვარ.
ვერც მოერეოდა ქმარს და არც სერიოზული მიზეზი ჰქონდა, რომ ბავშვი და ქმარი მოეკლა. იცით, რომ როცა მაგდამ ქმარ-შვილი ნახა, ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამ დროს თვითონ გახდა ცუდად, ამბობს, რომ გაითიშა... ბავშვს საჯდომი სულ მიწიანი და ტალახიანი ჰქონდა. თურმე დაცლილი იყო ენერგიისგან, ის ვიღაცამ მოკლა. მაგდა ამბობს, მე ცოცხალი დავტოვე ჩემი ბავშვიო.
- მაშინ თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- არ მინდა ვინმესკენ ხელი გავიშვირო, მაგრამ მაქვს ეჭვები და ჩემი ვერსიაც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საშინელება ბერძენიშვილმა ჩაიდინა. პირველმა მან დარეკა პოლიციაში, მითხარით, რატომ არ ფიგურირებს ის საქმეში?! დაკითხულია ზერელედ, მინდოდა მისი ნახვა და სხვა საკითხებზეც საუბარი, მაგრამ არ მხვდება. საეჭვოა ბევრი რამ ამ ბიჭთან დაკავშირებით. ბერძენიშვილმა აცნობა პოლიციას, მაგდამ მოკლა ქმარ-შვილიო... გამოძიება ამბობს, რომ იმ დროს როცა დანაშაული მოხდა მისი ტელეფონი ანძაზე სხვაგან ფიქსირდებაო, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ უბანში გამოჩნდა, მაშინ, როცა მაგდა წაიყვანა პოლიციამ. არ ემთხვევა ერთმანეთს პროკურატურის ნაამბობი და ხალხის მონათხრობი. ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმეში. ჩემს სიძესთანაც ჰქონდა ბერძენიშვილს ადრე კონფლიქტი, ესეც ფაქტია.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)