რატომ უჩივის ბიძინა კუჭავას ოჯახი შს მინისტრის მოადგილეს?! - კვირის პალიტრა

რატომ უჩივის ბიძინა კუჭავას ოჯახი შს მინისტრის მოადგილეს?!

”საქართველოს ხმის” დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 300 ათასი დოლარს ითხოვს.

ამ მოთხოვნით კუჭავას ოჯახმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელი შეიტანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, სასარჩელო მოთხოვნაა, რომ თალაკვაძემ უარყოს კუჭავასადმი გაკეთებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები, ასევე მორალური ზიანი ოჯახს 300 ათასი დოლარით აუნაზღაუროს.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პროკურორი პაატა ქირია გარდაცვლილი იპოვეს, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ 10 დღის განმავლობაში ბიძინა კუჭავას მიმართ არაერთი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება გააკეთა და ოჯახი სწორედ აღნიშნულის უარყოფას მოითხოვს.

ნათია კორკოტაძის თქმით, არ იცის, როდის განიხილავს საქალაქო სასამართლო მის სარჩელს.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის და პაატა ქირიას მკვლელობის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობას, ადვოკატმა განმარტა, რომ უკვე მეოთხე თვე დაიწყო, რაც ორი გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სიახლეების შესახებ მისთვის უცნობია.