"საზღვარგარეთ ყოფნისას კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენაზე დავალებას პირადად სააკაშვილისგან ვიღებდი" - კვირის პალიტრა

"საზღვარგარეთ ყოფნისას კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენაზე დავალებას პირადად სააკაშვილისგან ვიღებდი"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, გიორგი ჟოჟონაშვილის განცხადებით, ვიზიტებზე სააკაშვილის პირად მომსახურებაზე თანხებს პრეზიდენტის დავალებით ხარჯავდა.

ჟოჟონაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა საქმეზე, რომელიც ექს-პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება.

გიორგი ჟოჟონაშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ იღებდა დავალებებს 2009 წლიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან - ჯერ ოთარ ქველიძისგან, შემდეგ კი თემურ ჯანაშიასგან, რომ გაჰყოლოდა პრეზიდენტს საზღვარგარეთ მივლინებებში და მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეხადა კონკრეტული თანხები.

გადამიხდია თანხები სხვადასხვა მომსახურებაში. კერძოდ, დერმატოლოგიაში, სპა-სალონის მომსახურებაში, კანის და ლაზერის ოპერაციების ცენტრში. შემიძენია ტრენაჟორები, ასევე ველოსიპედის მომსახურება, გადამიხდია თანხები რესტორნებში. ვიზიტში წასვლის წინ თანხებს ვიღებდი ნაღდი ფულის სახით ბუღალტერიიდან, შემდეგ კი მიმქონდა გაწეული მომსახურების შესაბამისი ქვითრები და თუკი მრჩებოდა თანხა, მასაც ვაბრუნებდი ბუღალტერიაში“, - განაცხადა ჟოჟონაშვილმა.

პროკურორის კითხვაზე, ვისგან იღებდა კონკრეტულად ის მითითებებს, რომ ამა თუ იმ მომსახურებაში უნდა გადაეხადა თანხა, პრეზიდენტის დაცვის ყოფილმა წევრმა აღნიშნა, რომ ამ მითითებებს მივლინებებში ყოფნისას პირადად ყოფილი პრეზიდენტისგან იღებდა.

"ინტერპრესნიუსი"