"ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ" - ვის და საიდან შემოაქვს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებები?! - კვირის პალიტრა

"ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ" - ვის და საიდან შემოაქვს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებები?!

ამ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა "ურანი-238"-ის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით საქართველოსა და სომხეთის სამ-სამი მოქალაქე დააკავა.

28 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქობულეთში ბირთვული მასალის - რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავეს.

"აღნიშნული პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ქობულეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.

ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, საერთო წონით 1,665 გრ, შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით 0, 23 პროცენტ ურან 235-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, აღნიშნულ საგნებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის". - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.

ვის და საიდან შემოაქვს უკანონოდ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებები საქართველოში

შსს-მ და სუს-მა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 24 ფაქტი გამოავლინეს და 70 პირი დააკავეს. აი, ასეთია 2006-2016 წწ-ებში განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკა:

2006 წელი:

1-ლი თებერვალი, ქ. თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 110 გრამი. დაკავებულია ხუთი პირი (ერთი რუსეთის და ოთხი საქართველოს მოქალაქე). ურანი ჩამოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.

17 ივლისი, ქ. ბათუმი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (თურქეთის მოქალაქე), ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

1-ლი აგვისტო, ქ. ბათუმი. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1,5 კგ. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე), ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2007 წელი:

9 ივნისი, ქ. ბათუმი. ამოღებულია გაუმდიდრებელი ურანი, 14 გრამი. დაკავებულია ორი პირი (უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები). ურანი, სავარაუდოდ, მოპარულია რუსეთის ფედერაციაში.

24 ოქტომბერი, ქ. ბათუმი. მომწამვლელი ნივთიერება (ასაღებდნენ რადიოაქტიურად). დაკავებულია ოთხი პირი (სომხეთის მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.

2 ნოემბერი, ქ. ზუგდიდი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2008 წელი:

14 ოქტომბერი, ქ. თბილისი, "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია მცხეთის საცავიდან.

5 დეკემბერი, ქ. თბილისი. პროფილაქტიკური მუშაობის შედეგად ამოღებულია "ცეზიუმ-137"-ის წყარო. არავინ დაუკავებიათ.

2009 წელი

ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

2010 წელი:

11 მარტი, ქ. თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 17 გრამი. დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი სომხეთის მოქალაქე). ურანი შემოტანილია სომხეთიდან.

12 ნოემბერი, ქ. თბილისი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2011 წელი:

3 თებერვალი, ქ. ქობულეთი. ამოღებულია "ევროპიუმ-152"-ისა და "ირიდიუმ-192"-ის წყაროები, დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერებები მოპარულია საქართველოში, ქ. ქუთაისში.

4 აპრილი, სოფელი აღაიანი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია საქართველოში, რუსული სამხედრო ბაზიდან (ვაზიანი).

2012 წელი:

6 იანვარი, ქ. თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი 36 ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

5 აპრილი, ქ. სამტრედია. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1 კგ. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

10 აპრილი, ქ. ბათუმი. სხვადასხვა ნივთიერება ("ცეზიუმ-137"-ის, "კობალტ-60"-ის, "ამირიციუმ-241"-ის წყაროები). დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი თურქეთის მოქალაქე). ნივთიერებები შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

20 აპრილი, ქ. ბათუმი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი სამი ამპულა. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ქ. ზუგდიდი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ცხრა ამპულა. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ქ. ქობულეთი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერების წარმომავლობა ვერ დადგინდა.

2013 წელი:

29 მაისი, ქ. სამტრედია. ამოღებულია "სტრონციუმ-90"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

25 სექტემბერი, დაბა ბეთანია. ამოღებულია "ამირიციუმ-241"-ით დაფარული 12 ფირფიტა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია საქართველოში, ქ თბილისში.

2014 წელი:

1-ლი აგვისტო სოფ. სადახლო. ამოღებულია "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (სომხეთის მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.

2015 წელი:

11 აგვისტო ქ. თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 135"-ის და "ცეზიუმ 137"-ის ნარევის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება, სავარაუდოდ, შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.

2016 წელი:

5 იანვარი, ქ. თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 137"-ის წყარო. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერების წარმომავლობა დგინდება.

15 აპრილი, ქ. თბილისი. ამოღებული გაღარიბებული ურანისგან დამზადებული კონტეინერი (ე. წ. მაგისტრალი). დაკავებულია ექვსი პირი (სამი საქართველოს და სამი სომხეთის მოქალაქე). ნივთიერების წარმომავლობა დგინდება.

იხილეთ სრულად