"ჩემს გოგონას კანფეტებსა და მანქანით გასეირნებას სთავაზობდა, ბიჭს კი მოკვლით ემუქრებოდა" - მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"ჩემს გოგონას კანფეტებსა და მანქანით გასეირნებას სთავაზობდა, ბიჭს კი მოკვლით ემუქრებოდა" - მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ

"იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს სადმე ვიპოვით, ჩავქოლავთ"

2 მაისს ხმაური იყო ქობულეთის ერთ-ერთ უბანში, სადაც შეკრებილი 200-მდე ადამიანი 65 წლამდე მამაკაცს პედოფილაში ადანაშაულებდა და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვდა. "იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს სადმე ვიპოვით, ჩავქოლავთ", - ამბობენ ქობულეთლები, რომელთა მტკიცებითაც, აფთიაქის მფლობელი მამაკაცი მეზობლის 11 წლის გოგონას "კამფეტების შეთავაზებით მანქანაში ეპატიჟებოდა".

მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი წარსულში გაუპატიურებისთვისაა ნასამართლევი. პოლიციას ბავშვის დედამ  მიმართა და ის უკვე დაკითხეს. ბავშვს მამა არ ჰყავს. გოგონა ამჟამად ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა.

"ჩემს გოგონას კანფეტებსა და მანქანით გასეირნებას სთავაზობდა, ბიჭს კი მოკვლით ემუქრებოდა", - განაცხადა დაკითხვის შემდეგ  იმ ბავშვის დედამ, რომელიც 65 წლამდე ასაკის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებს. დედის მტკიცებით, მამაკაცმა გოგონას ფულის მიცემაც შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ დედას არაფერს ეტყოდა. მისივე თქმით, მის მეორე შვილს "კისრის მოჭრითა" და დედის მოკვლით დაემუქრა, თუ დას გასეირნებას აუკრძალავდა. ბავშვების დედა ოჯახის ქობულეთიდან გასახლებას და მამაკაცის დაპატიმრებას ითხოვს.

"საღამოს 6 საათზე გოგო გავგზავნე მაღაზიაში პურზე. გააჩერა ამ ნაგავმა, მათხოვარმა და ეუბნება, ბიძია თვალს ასე რომ განიშნებ, თვალი ჩაუკრა და თავი გადაუქნია, წამომყევი ოჩხამურისკენ, კარგი კანფეტები იყიდება, გიყიდი, "გაგაკატავებ", ფულსაც მოგცემ და დედაშენს და შენს ძმას არაფერი თხრაო. ეს იყო ალბათ ათი დღის წინ. მას მერე ვეძებ, მაგრამ არსად ჩანს. უკვე 30 აპრილს, აჩერებს ჩემს 12 წლის ბიჭს და ეუბნება, ბიჭო მოდი აგერ, შენს დას რატომ უკრძალავ ჩემს მანქანაში დაჯდომას და ჩემს აფთიაქში შემოსვლასო. შენი და დამიჯინე მანქანაში, არ აუკრძალო თორემ, დედაშენს მოვკლავ ან დავაჭერინებ, შენ მიგაჭრი კისერს და შენს თავს ძაღლებს გადავუგდებო. ეგ არაკაცი, გასახლდეს აქედან, არ გავაჩერებთ, გადავიდეს სხვაგან", - ამბობს ბავშვების დედა.

სავარაუდო ეჭვმიტანილის სახლში, სადაც ქობულეთელებმა შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მეზობლების მიერ პედოფილიაში დადანაშაულებული მამაკაცის მეუღლე სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.

მომზადებულია "ინტერპრესნუსის" მასალების მიხედვით