"ქალს გაუპატიურება დაუპირა და რადგან მან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა" - კვირის პალიტრა

"ქალს გაუპატიურება დაუპირა და რადგან მან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა"

სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელი, უფრო ზუსტად, წნორის ჯანდაცვის ცენტრის მედდა 58 წლის ელზა გელაშვილი 4 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე წნორის ცენტრიდან დაიკარგა. ორდღიანი ძებნის შემდეგ ქალი წნორიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის მახლობლად, მდინარის პირას მოკლული იპოვეს. ახლობლები ქალის გაუჩინარების შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ყაჩაღობა გამხდარიყო. მათი თქმით, ელზა გელაშვილი ბანკიდან სესხის აღებას ან განვადების გაკეთებას აპირებდა წყლის გამათბობლის შესაძენად, თუმცა დაკარგვის მომენტისთვის მას ბანკიდან თანხა აღებული არ ჰქონდა, რადგან სესხი განხილვის პროცესში იყო.

ქალის ძებნა გაუჩინარების საღამოსვე დაიწყეს ახლობლებმა და შინაგნ საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს. ოჯახი ელზა გელაშვილს სიღნაღსა და წნორს შორის ტყეში ეძებდა, სწორედ ამ ტერიტორიაზე იპოვეს 5 მაისს ქალის ფეხსაცმელი.

ელზა გელაშვილი, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი და თბილი ადამიანი დიდი პატივისცემით სარგებლობდა წნორის მოსახლეობაში, რომლებიც მომხდარით შეძრწუნებული არიან. ადგილობრივი მცხოვრები, რომლის სახელსა და გვარს, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ, მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება:

- ელზა ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იყო. მთელი წნორი იცნობდა და პატივს სცემდა, მშრომელი ქალი, როგორც შეეძლო მხარში ედგა ოჯახსა და შვილებს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი შესაძლოა დაყაჩაღების მიზნით გაეტაცებინათ, მაგრამ განა რა უნდა ჰქონოდა უბრალო მედდას, რომ ვინმე ამის გამო მკვლელობაზე წასულიყო. მკვლელი დაკავებულია და როგორც ამბობენ უკვე აღიარა დანაშაული. მან ქალს გაუპატიურება დაუპირა და რადგან წინააღმდეგობა გაუწია, თავში ქვა ჩაარტყა. ზოგი ადამიანი კი არა მხეცი და მანიაკია, სწორედ ამისთანამ იმსხვერპლა საწყალი ქალი.

ელზა ისევე როგორც ბევრი სხვა, წნორში სიღნაღიდან დადიოდა სამუშაოდ. რასაკვირველია, სიღნაღიდან წნორში და პირიქითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, მაგრამ ხშირად ხდება, რომ სამსახურიდან გამოსული უმანქანო ხალხს, რომელიც გაჩერებაზე ელოდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უჩერებენ მანქანას და სიღნაღში გაიყოლებენ ხოლმე. აქ ლამის ყველა იცნობს ერთმანეთს და აქამდე ენდობოდნენ კიდეც.

ელზასაც, როგორც ჩანს, იმ ნაძირალამ ასე შეთავაზა წაყვანა და ისიც დათანხმდა, რას იფიქრებდა ამისთანა რამეს თუ გაბედავდა. ჯერ ქალის ფეხსაცმელი იპოვეს, ოჯახის ახლობლები ამბობენ, მას მერე მისი ცოცხლად პოვნის იმედი დავკარგეთო... მალევე ქალი წყლის პირას მოკლული ნახეს.

დანაშაულში ბრალდებული სოფელ ბოდბისხევის მკვიდრი 56 წლის მამაკაცია. სოფელ წნორის მკვიდრთან საუბრის შემდეგ დავინტერესდით და მის შესახებ ინფორმაცია სოფელ ბოდბისხევშიც მოვიძიეთ. როგორც გავარკვიეთ, დანაშაულში ბრალდებული მარტო ცხოვრობდა, ცოლი უცხოეთშია სამუშაოდ წასული, შვილები კი მამასთან წლებია არ ცხოვრობენ. დანაშაულის დღეს ის წნორში საკუთარი მიკროავტობუსით იმყოფებოდა. როგორც ადგილზე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, სწორედ მან გაუჩერა მიკროავტობუსი ელზა გელაშვილს, რის შემდეგაც ქალი გაუჩინარდა.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული წარსულში გაუპატიურების გამო იხდიდა სასჯელს და ის 2013 წელს, საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)