"ძმას თუ მოკლავდა, ამას როგორ წარმოვიდგენდით" - კვირის პალიტრა

"ძმას თუ მოკლავდა, ამას როგორ წარმოვიდგენდით"

"პოლიცია რომ მოვიდა, შეეგება თურმე და უთხრა, ნუგზარი მე მოვკალიო"

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, ჩუთლაშვილების ოჯახში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, - 45 წლის ნიკოლოზ ჩუთლაშვილმა უფროსი ძმა, 50 წლის ნუგზარი ტრაქტორის კბილანით მოკლა, შემდეგ გვამი სახლიდან ეზოში გაიტანა, თავად კი სახლში შებრუნდა და დაიძინა. გვამი მანამდე იყო უპატრონოდ, ვიდრე გამთენიისას მეზობელმა ქალმა არ იპოვა. აი, რა მოგვითხრობენ ადგილობრივი მკვიდრი.

- სამწუხაროდ, ნიკოს წლებია ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ძმას თუ მოკლავდა, ამას როგორ წარმოვიდგენდით. მისი შეურაცხადობა უფრო მაშინ ხდებოდა თვალსაჩინო, როდესაც ალკოჰოლს სვამდა. ამ ბოლო დროს, დილიდან დაღამებამდე გზაშარაზე კვიცს დაატარებდა, რომელიც მამასთან ერთად გაზარდა, ამოჩემებული ჰყავდა  და წუთით არ იცილებდა. ნუგზარსაც ხშირად ეკამათებოდა და ედავებოდა.

- ძმები ერთად ცხოვრობდნენ?

- გვერდიგვერდ სახლებში - ნიკო მოხუც მამასთან იყო შეფარებული ბინაში, ნუგზარი კი მათ გვერდით, ცალკე სახლში ცხოვრობდა, თუმცა ძმას და მამას ის პატრონობდა. ოჯახი წლების წინ ბედნიერი ოჯახი იყო, მაგრამ ცხოვრებამ გაწირა, - ნიკო ასეთად კი არ დაბადებულა, ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ტრაგედია შეემთხვა და იმის შემდეგ წავიდა უკან-უკან მისი ფსიქიკა. ნუგზარიც მეუღლესა და 3 შვილს გაშორდა, შვილებს პატრონობდა, მაგრამ ოჯახი აღარ აღადგინა...

- მკვლელობა რომელ საათზე მოხდა ?

- ალბათ შუაღამისას, მაშინ, როცა გიორგობა დაღამდა, საწყალმა ჩუთლაშვილებმა მამასთან და რამდენიმე მეზობელთან ერთად აღნიშნეს დღესასწაული. ყველაფერი მშვიდად ჩამთავრდებოდა საწყალი ნუგზარი, ქეიფის დამთავრების შენდეგ, უკან რომ არ შებრუნებულიყო ძმასთან. ჩუთლაშვილების მამა ამბობს, სუფრიდან დაახლოებით 11 საათზე ადგნენ ყველანიო. მოხუცი სახლის მეორე სართულზე ასულა დასაძინებლად. ნუგზარ ჩუთლაშვილიც თავის სახლში წასულა, მაგრამ როგორც ჩანს, საწყალს არ დაეძინა და უკანვე გამობრუნდა მამის სახლში. აი, მაშინ მოკლა ნიკომ ტრაქტორის კბილანით

- გავრცელებული ინფორმაციით კბილანას ტარი ჰქონდა გაკეთებული...

- ნიკო ადრე ტრაქტორზე მუშაობდა და როგორც ჩანს, ტრაქტორის ნაწილებს კარგად იცნობდა. ისიც იცოდა, კბილანისთვის ტარი როგორ გაეკეთებინა.

პოლიცია რომ მოვიდა, ხელის ჩამორთმევით შეეგება თურმე და უთხრა, ნუგზარი მე მოვკალიო. რომ ჰკითხეს, - აბა, რით მოკალიო, - წავიდა და სასიმინდეში დამალული გასისხლიანებული კბილანა მოიტანა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის).