"ვპირდები ივანიშვილს, ეს გადაწყვეტილება მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს" - "კაბელების საქმეზე" ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

"ვპირდები ივანიშვილს, ეს გადაწყვეტილება მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს" - "კაბელების საქმეზე" ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

მათი დაკავებიდან 8 თვის შემდეგ, 2015 წლის 19 ივნისს, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლე დავით ჯუღელმა ისინი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

იხილეთ ვიდეო| ატირებული მაია ფანჯიკიძე სასამართლო პროცესზე

2016 წლის 16 მაისს, ე.წ. კაბელების საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში ხმაური ატყდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები, ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

ბრალდებულთა ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, "მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილის გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება". მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უსამართლოა და შემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გასაჩივრდება.

მოსამართლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, პარტია მსჯავრდებულთა დასაცავად როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და საქართველოს დიდი ნაწილისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთ უმასამართლობას მოსამართლისგან არავინ ელოდა. ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას, გარდა ამისა, მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ვიდეო