"ეს არამზადა დანით რომ დაინახა, იგორი წამოხტა და დანა წაართვა, იმან კი მეორე დანა ამოიღო და…" - სასტიკი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ეს არამზადა დანით რომ დაინახა, იგორი წამოხტა და დანა წაართვა, იმან კი მეორე დანა ამოიღო და…" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

რამდენიმე დღის წინ, ისანში, ქინძმარაულის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, - 26 წლის ლევან ბ-მ 44 წლის იგორ ნემოვს დანა გარშემომყოფების თვალწინ მკერდის არეში ჩაარტყა და დანიანად გაიქცა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. სასწრაფო დახმარების პერსონალმა იგორ ნემოვის გადარჩენა ვერ შეძლო; ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. რატომ ვერაფერი მოიმოქმედეს გარშემომყოფებმა ტრაგედიის შესაჩერებლად? – გვესაუბრება იმ უბნის მცხოვრები, სადაც ტრაგედია დატრიალდა.

სალომე გოთუა:

- თავისებური უბანი გვაქვს, საკმაოდ მოშორებულია ქალაქიდან, ყველა ყველას იცნობს. ასე რომ, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად მკვლელს და გარდაცვლილს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. თანაც, ლევანი იმ სახლში ცხოვრობდა, სადაც იგორის ბავშვობის მეგობარი; ასე რომ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამის მიუხედავად, ლევანმა იგორი თვალის დაუხამხამებლად მოკლა. იგორი მეტად კეთილშობილი კაცი იყო; მსგავსს ცოტას თუ შეხვდები. რაც შეეხება ლევანს, გზააბნეული ადამიანია - წვრილმანი ხულიგნობის გამო ორჯერ იყო ნასამართლევი, მაგრამ აგრესიული არასოდეს ყოფილა. გვეცოდებოდა კიდეც უბანში,- მამა არ ჰყავდა, დედამ ენითაუწერელ გაჭირვებაში გამოზარდა და ვამბობდით,- ალბათ ამ მძიმე გაჭირვებამ აურია ცხოვრებაო, ცოტ-ცოტას სვავდა კიდეც…

- გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დღის 5 საათზე მოხდა; სუფრაზე, სადაც რამდენიმე კაცი ქეიფობდა. როგორ მოხდა, რომ ამ ადამიანებმა დამნაშავის შეჩერება ვერ შეძლეს?

- როგორ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ კაცი ორი დანით შეიძლება დადიოდეს. ლევანს ერთი დანა წაართვეს, მაგრამ თურმე მეორეც ჰქონდა… ბიჭებმა იმ დღეს, აქვე, ახლოს პატარა ბაღი გვაქვს და იქ გაშალეს სახელდახელოდ სუფრა. სწორედ ამ დროს ჩაიარა ლევანმა თურმე და იგორმა მიიწვია სუფრასთან. ლევანი კი დათვრა და რაღაც ადრინდელ ამბავზე სუფრის ერთ-ერთ წევრს აუშარდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. იგორმა ლევანს ხელი წაავლო და ძალით მოაცილა იქაურობას - სახლში წადი, გამოფხიზლდი და მერე ვილაპარაკოთო. ეს გამოფხიზლების ნაცვლად, შინ წასულა და სამზარეულოდან 2 დანა აუღია… ამას ვინ მოიფიქრებდა.

სასამართლოზე მოუწევს თქვას ვის მოსაკლავად დაბრუნდა სუფრაზე იგორის თუ იმ კაცის, ვისთანაც იჩხუბა. როცა ეს არამზადა დანით დაინახა, ისევ იგორი წამოხტა პირველი, დანა წაართვა და გადააგდო; ლევანმა კი მეორე დანა ამოიღო ჯიბიდან და კაცს ისე ჩაარტაყა, რომ გული და ფილტვი, ორივე დაუზიანა…

კარგი კაცი მოკლა, ძალიან დასანანია, თვითონაც საბოლოოდ დაიღუპა ცხოვრება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)