"ჩემ შვილზე არ ვლაპარაკობ, ის არ უყვარდა და მოკლა, მაგრამ მითხრას, შვილიშვილი რატომ მომიკლა"?! - რა უპასუხა პაპიძემ დედამთილს?! - კვირის პალიტრა

"ჩემ შვილზე არ ვლაპარაკობ, ის არ უყვარდა და მოკლა, მაგრამ მითხრას, შვილიშვილი რატომ მომიკლა"?! - რა უპასუხა პაპიძემ დედამთილს?!

ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღეს დილით განახლდა. გუშინ სასამართლო პროცესზე პაპიძის მეგობარი, ოთარ ბერძენიშვილი და მოკლულ ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან(ლილი) მინდიკაური დაიკითხნენ, თუმცა მინდიკაურის დაკითხვა გუშინ ვერ მოესწრო და დღესაც გაგრძელდა (იხილეთ: "ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით: ის პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა")

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დარეჯან მინდიკაურმა დეტალურად ისაუბრა მკვლელობის ღამეზე. პროცესზე გამოქვეყნდა მინდიკაურის მიმოწერები და სატელეფონო საუბრები რძალთან. დარეჯან მინდიკაურმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ იპოვა მაგდა პაპიძის ჩანაწერები: "წიგნების კარადას ვალაგებდი და ამ დროს ზევიდან რვეული გადმოვარდა, გადავშალე და ვიცანი, მაგდას ჩანაწერები იყო, მაინტერესებდა ვალებთან დაკავშირებით ხომ არ ეწერა რამე, აქ აღმოვაჩინე ის ჩანაწერი, სადაც ეწერა უროზე, ცელოფნებზე და სხვა ნივთებზე, მაშინვე დავურეკე გამომძიებელს და ამის შესახებ ვაცნობე".

"მომხდარიდან 2 კვირის მერე როცა სახლში სტუმრები მოვიდნენ, ჭურჭელი დამჭირდა, ვიცოდი, რომ ეს ჭურჭელი მაგდას დივნის ქვეშ ელაგა, მათ ასაღებად წავედი, დივანი რომ ავწიე, ჩაიდანზე და ჭიქებზე სისხლის წვეთები იყო, ეს გამომძიებელს ვაცნობე... დაკითხვიდან სახლში რომ მოვედი, მაგდას და, ლანა დამხვდა, ტირილით მითხრა, "რასაც მე ვფიქრობ ის არის? მაგდა ყველაფერზე წამსვლელი იყო, არაფერს არ ვაღირსებ" - ასე მოსთქვამდა ლანა...

20 დეკემებრს მაგდას ოჯახმა გამომიცხადა, რომ მისი ტანსაცმელი უნდა წავიღოთო, გამიკვირდა, რა ტანსაცმელზეა ლაპარაკი, იმდენად არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი მისი ჩადენილი იყო, ვფიქრობდი, იქნებ მას არ გაუკეთებია მეთქი, ესენი კი ნივთებზე იყვნენ გადართულები, მაგდას ყველა ნივთი უნდა წავიღოთო, ჩაალაგეს და ყველაფერი გაზიდეს. იმ მომენტში ლანას სიტყვები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, ესენი იმ დროს ნივთებზე ფიქრობდნენ, როცა მე 2 მიცვალებული მესვენა, განსაკუთრებით მაგადს წიგნებს ეძებდნენ. დედამისმა მომთხოვა, მაცივარი და სარეცხის მანქანაც, რაც მაგდას შეძენილი იყო..."

მინდიკაურის თქმით, ტრაგედიამდე 2-3 წლით ადრე მაგდა პაპიძემ, ქმრის უჩუმრად აბორტი გაიკეთა.

"სამსახურში დამირეკა და სასწრაფოდ სახლში მისვლა მთხოვა, მითხრა, ფეხმძიმედ ვარ, ტყუპებს ველოდები და უნდა მოვიცილოო, წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან ვიცოდი, ჩემს აზრს არ გაითვალისწინებდა. ბავშვი დამიტოვა და ექიმთან წავიდა, მერე გავარკვიე, რომ ომარმა მისი ორსულობის შესახებ არ იცოდა, ამის გამო გაბრაზებულიც იყო და შელაპარაკებაც მოუვიდათ, მაგდას მეორე შვილი არ უნდოდა...

ჩემ შვილზე არ ვლაპარაკობ, ის არ უყვარდა და მოკლა, მაგრამ მითხრას, შვილიშვილი რატო მომიკლა, ნუთუ 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც არ გიფიქრია მაგაზე, ნუთუ ერთხელ მაინც არ დაგსიზმრებია შენი შვილი, მოვითხოვ სამუდამო პატიმრობას, ქალი, რომელმაც თავისი შვილი გაგუდა, ამის ღირსია", - განაცხადა მინდიკაურმა, რასაც მაგდა პაპიძის აღშფოთება და განგაში მოჰყვა, ის დედამთლს შეეპასუხა, - სად დაინახე, რომ ბავშვი ჩემი ხელით გავგუგდე?" - ამ სიტყვებით მიმართა პაპიძემ. "მკვლელი ხარ მაგდა პაპიძე, მკვლელი და უნდა დაისაჯო" - უპასუხა მინდიკაურმა.

სასამართლოზე პროკურატურამ სისხლიანი ნივთები და სხვა ნივთმტკიცებები წარმოადგინა, ამჟამად სასამართლო პროცესზე ამ ნივთების გამოკვლევა ხდება.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)