"ეს არის დაკვეთილი და პროფესიონ­ალ­ების მიერ შესრულებული მკვლელობა" - ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება - კვირის პალიტრა

"ეს არის დაკვეთილი და პროფესიონ­ალ­ების მიერ შესრულებული მკვლელობა" - ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება

პროკურატურის დასკნით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და ამ საქმეზე გამოძიება შეწყდა. (იხილეთ: პროკურატურის დასკვნით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა)

"ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, - მის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახი ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს:

”დღეს შევიტყვეთ პროკურატურის პოზიცია, ანუ გამოძიებამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ ინფორმაციას, რაც გასაჯაროვდა, არ ეთანხმებიან არც ოჯახის წევრები და არც ადვოკატები".

ზურა კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა:

”შემიძლია გითხრათ, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ვეთანხმებით, ხვალ გვექნება პრესკონფერენცია და უფრო დეტალურად ვიტყვით დანარჩენს. ამ პოზიციაზეა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეც. უფრო არგუმენტირებულად და დეტალურად ვისაუბრებთ ხვალ”.

ერთი კვირის წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ზურაბ კიწმარიშვილი ამბობდა, რომ გამოძიება ხელოვნურად ფერხდებოდა და ის თავად აპირებდა საქმის მასალების შესწავლას.

გთავაზობთ ამონარიდს ზურაბ კიწმარიშვილის ინტერვიუდან:

ზურაბ კიწმარიშვილი:

- ერთადერთი გამოკვეთილი ვერსია არის დაგეგმილი ქმედება, რაც უნდა უკავშირდებოდეს ეროსის პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის დაკვეთილი და პროფესიონალების მიერ შესრულებული მკვლელობა.

- და, როგორც წესი, დაკვეთილი მკვლელობები არ იხსნება ხოლმე...

- შეიძლება დნმ-ის პატრონის ვინაობის გარკვევა, მის კვალზე გასვლა და დაკავება. თუმცა, შეიძლება ვერ გავიგოთ, ვინ შეუკვეთა მკვლელობა და ის ნახევრად გახსნილი საქმეების კატეგორიაში გავიდეს. გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაცას არ აწყობს საქმეში შემოვიდეს ისეთი დეტალები, რომლებიც თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირების აუცილებლობას დააყენებს. ასეთ შემთხვევაში გამოძიებამ მთელი ძალით და რესურსით უნდა დაიწყოს კვლევა-ძიება, რაზეც, ალბათ, ნამდვილად არ ოცნებობენ. არ აწყობთ, იპოვონ რაღაც ისეთი, რაზეც ბევრი მუშაობა მოუწევთ, საბოლოოდ საქმეს მკვლელობა დაერქვას და ის გაუხსნელი დარჩეს. ეს მათ იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. შეიძლება საერთოდ არც გაიხსნას ეს საქმე. არ ვიცი, როდემდე უნდა იმეოროს მთავარმა პროკურორმა, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, მის შედეგებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთო. ჩვენთვის დღემდე არაფერი შეუტყობინებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დასკვნით ეტაპამდე შორია.

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად: ვიღაც დაინტერესებულია, არ გაიხსნას ეროსის საქმე"

ვიდეო