"ვეჭვობ, რომ ავტოფარეხში, სადაც ეროსის მანქანა ვიპოვეთ, დანაშაული არ მომხდარა" - რა ინფორმაციების გამოქვეყნებას აპირებს კიწმარიშვილის ოჯახი?
15 ივლისს ორი წელი შესრულდება, რაც ეროსი კიწმარიშვილი ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რასაც ოჯახი თავიდანვე არ იზიარებდა. 22 ივნისს კი პროკურატურამ დასკნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება შეწყდა. (იხილეთ: პროკურატურის დასკვნით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა)
kvirispalitra.ge დაუკავშირდა ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს:
- თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად არ ვეთანხმები პირველივე დღიდან. უამრავ საკითხზე მაქვს ჩემი პოზიცია, რომელსაც აქამდე არ ვახმაურებდი. რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში ხვალ მოვუყვები ჟურნალისტებს დეტალურად. ბევრ რამეს შეიტყობს საზოგადოება ამ თემაზე. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა იმისთვის, რომ ჩემ ძმას თავი მოეკლა. ეროსის გარდაცვალებამდე პერიოდში მისი მდგომარეობის თაობაზე ყველაფერი ვიცოდი, თუ რა პრობლემები ჰქონდა, რას გეგმავდა... ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა, რის თაობაზეც ახლობელ ადამიანებთან ლაპარაკობდა, რუსთავში კი წააგო არჩევნები, მაგრამ ამას ერთ ეტაპად მიიჩნევდა და სეროზულ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა. ბევრ ადამიანს შეხვდა, მათ შორის "რუსთვის 2"-ის ხელმძღვანელობასაც, რაღაც პროექტები ჰქონდა. ადამიანი, რომელიც ასეთი ჩართულია საქმეში, თავს არ მოიკლავს. პროკურატურა ამბობს, რომ თითქოს თავის მოსაკლავად შეიძინა იარაღი, არადა, მას არ ჰყავდა დაცვა, ის აპირებდა სერიოზული და ხისტი ნაბიჯების გადადგმას, რის გამოც რიგი ადამიანებისგან რეაქციას მოელოდა. ის გრძნობდა, რომ მასზე შესაძლოა ძალადობა ან თავდასხმა მომხდარიყო და იარაღიც თავდასაცავად სჭირდებოდა. ჩემთვის ნამდვილად არ უთქვას, რომ ვინმე ემუქრებოდა, თუმცა იარაღის შეძენას აპირებდა, რის თაობაზეც შემთხვევამდე 8 დღით ადრე მითხრა.
- სხვა იარაღი არ ჰქონდა?
- ჰქონდა, თუმცა ის გაუმართავი იყო.
- პროკურატურამ საქმე დახურა...
- დიახ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თუ გამოჩნდა ახალი მტიცებულება, ძიება განახლდეს. 2 წელი სრულდება ეროსის გარდაცვალებიდან და პროკურატურა ვალდებული იყო წარედგინა ანგარიში და წარმოადგინეს ეს. მე გავაგრძელებ ძიებას, იმ საშუალებებით, რაც მაქვს. არ ვაპირებ ამას შევეგუო, თქვენ შეეგუებოდით?! ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, სიმართლის დასადგენად, თუნდაც ეს თვითმკვლელობის ვერსია იყოს, ოღონდ დამაჯერებელი მტკიცებულებებით. ერთსაც გეტყვით, მივიჩნევ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ მოხდა სათანადოდ, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ გასროლა სხვა ადგილას მოხდა. ვეჭვობ, რომ ავტოფარეხში, სადაც ეროსის მანქანა ვიპოვეთ, დანაშაული არ მომხდარა".
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)