"თუ გივი თარგამაძემ იცოდა, რომ დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს პოლიციას" - კვირის პალიტრა

"თუ გივი თარგამაძემ იცოდა, რომ დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს პოლიციას"

ე. წ. კანონიერ ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე სასამართლოს მისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას სთხოვდა, რაც მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სრულად გაიზიარა. პროკურატურა ბრალდებულს კანონიერი ქურდობის გარდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასაც ედავება.

იხილეთ ასევე: ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს

პროკურატურისგან განსხვავებით ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა ბრალდებულ დავით ჩაჩიბაიას ინტერესების დამცველი. როგორც ადვოკატმა თამარ აბესაძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დავით ჩაჩიბაია საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გამოუშვეს უკრაინიდან და ის იძულებული იყო, რომ შემოსულიყო საქართველოში. ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდებინათ 50 000-ლარიანი გირაო. თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დავით გერლიანი-ჩაჩიბაია პატიმრობაში დატოვა.

როგორც სასამართლო პროცესზე გერლიანმა განაცხადა, უკრაინაში დაკავების შემდეგ მან ოდესის პოლიციის უფროსის საუბარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნებამდე ე.წ. კანონიერი ქურდების გამოშვებით საბოტაჟის მოწყობას აპირებენ. როგორც გერლიანმა აღნიშნა, ის უკრაინიდან პროცედურების დარღვევით გამოაძევეს.

"როცა ადამიანს დეპორტაციას უკეთებენ, უნდა იყოს წარდგენილი მეორე ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. მე გამიტაცეს რესტორნიდან და ჩამსვეს თვითმფრინავში. მაინტერესებს, თუ გივი თარგამაძემ იცოდა, რომ მე დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს თუნდაც პოლიციას. მგონი ეს მსუბუქი დანაშაულია, რომელიც მან ჩაიდინა. გარდა ამისა, სანამ თვითმფრინავში ჩამსვავდნენ, გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე, 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი. მინდა ვთქვა, რომ ასეთ ადამიანებთან საქართველოს მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა დავით გერლიანმა.

ე.წ. კანონიერ ქურდობაში ბრალდებულის განმარტებით, ის უკრაინის მოქალაქეა და უკვირს, როგორ მოხდა მისი დეპორტაცია საკუთარი ქვეყნიდან. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი. როგორც დავით ჩაჩიბაიამ აღნიშნა, ის მხატვარია და ევროპის ქვეყნებში დადის პეიზაჟების დასახატად.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით