"ოთარ ბერძენიშვილს 19 დეკემბერს შევხვდი და ვუთხარი, რომ კონტაქტი გაგვეწყვიტა" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები - კვირის პალიტრა

"ოთარ ბერძენიშვილს 19 დეკემბერს შევხვდი და ვუთხარი, რომ კონტაქტი გაგვეწყვიტა" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები

29 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დაიკითხა. როგორც დაკითხვისას პაპიძემ განაცხადა, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების გარდაცვალებამდე ის ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა.

როგორც პაპიძემ აღნიშნა, 19 დეკემბრის ტრაგედიამდე შეხვედრაზე მან ოთარ ბერძენიშვილს უთხრა, რომ კონტაქტი უნდა გაეწყვიტათ.

"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია. მე არ ვიცი თქვენ რას ეძახით სიყვარულს, მაგრამ ჩემთვის ეს ის არ ყოფილა. ჩვენ არანაირ მომავალზე არ გვქონია საუბარი. მე ოთარ ბერძენიშვილს 19 დეკემბერს შევხვდი და ვუთხარი, რომ კონტაქტი გაგვეწყვიტა. ჩვენი ურთიერთობა ორმხრივი რომ ყოფილიყო, ცივილურად გაგრძელდებოდა. ომარი მოძალადე არ იყო, ყველაფერს გაიგებდა და ცივილურად გავშორდებოდით ერთმანეთს", - განაცხადა ბრალდებულმა.

მაგდა პაპიძემ ასევე ბოლო პერიოდში ქმართან, ომარ ქაფიაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მასთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა, რაც ომარ ქაფიაშვილის სამსახურით ახსნა. პაპიძის თქმით, ბოლო თვეებში სამსახურის გამო ომარ ქაფიაშვილი სახლში იშვიათად მიდიოდა.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვას ბრალდების მხარე ხვალ განაახლებს.

"ინტერპრესნიუსი"