"იმ დღეს დამირეკა ყოფილმა ქმარმა და შემომთავაზა, სამძიმარზე ერთად წავსულიყავით... ჩემი მოკვლა უნდოდა თურმე" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს დამირეკა ყოფილმა ქმარმა და შემომთავაზა, სამძიმარზე ერთად წავსულიყავით... ჩემი მოკვლა უნდოდა თურმე"

სამწუხაროდ, ისევ ხშირია ოჯახური დანაშაულები. ვერც კანონის გამკაცრებამ დააფიქრა მოძალადეები. უკვე რამდენიმე წელია, კანონი გამკაცრებულია, მაგრამ ხშირად ვისმენთ, რომ ოჯახის წევრი ოჯახის წევრმა მოკლა. ამ თემაზე სტატია ჟურნალმა "გზამ" მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

მორიგი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, აჭარაში მოხდა. ახალგაზრდა ქალი უმძიმესი დაზიანებებით ბათუმის საავადმყოფოში მოათავსეს. იგი გამვლელებმა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ქალს თავის არეში ბასრი საგნით აქვს მრავლობითი დაზიანება მიყენებული, ხელი აქვს მოტეხილი და სასტიკად არის ნაცემი, მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. შემთხვევა ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურის სოფელ ჩაისუბანში მოხდა.

იმ დღეს ნინა ტაქსიდი ყოფილ მეუღლესთან, არკადი ტაქსიდისთან ერთად გარდაცვლილი მეზობლის ოჯახში სამძიმარზე უნდა მისულიყო. დაზარალებულის თქმით, მას ყოფილმა ქმარმა დაურეკა და სთხოვა პანაშვიდზე ერთად წასულიყვნენ, ქალი დათანხმდა. რას წარმოიდგენდა, ქმარს მისი მოკვლა თუ ჰქონდა განზრახული. ისინი მოტოციკლით წავიდნენ.

ნინა ტაქსიდი:

- მეუღლეს ერთი წელია, გავშორდი, რადგან გაუსაძლისი იყო ჩვენი ერთად ცხოვრება. 14 წლის ვიყავი, რომ მომიტაცა. სამი შვილი მყავს. ქმართან დაშორების მერე ბავშვებთან ერთად მშობლების ბინაში გადმოვედი საცხოვრებლად... იმ დღეს დამირეკა ყოფილმა ქმარმა და შემომთავაზა, სამძიმარზე ერთად წავსულიყავით. მოტოციკლით გამომიარა და ერთად წავედით. სახლამდე მისულებიც არ ვიყავით, რომ მითხრა, - არ მინდა ერთად დაგვინახონ, გზიდან გადავუხვევ, აქვე სადმე დავაყენებ მოტოციკლს და ცალ-ცალკე ავიდეთო. საღამოს 11 საათი ხდებოდა, სადღაც მიფარებულ ადგილას მიმიყვანა, პარკში გახვეული ნივთი ამოიღო, თურმე ეჩო ჰქონია. მახსოვს, მხოლოდ ერთი დარტყმა თავში და გავითიშე. ჩემი გათიშვის მერეც გაუგრძელებია ცემა. ჩემი მოკვლა უნდოდა თურმე. გონება დავკარგე. ეტყობა, ცემით გული რომ იჯერა, იქვე დამაგდო ეკლებში და გაიქცა. მეორე დილით 10 საათზე უგონო მდგომარეობაში შემთხვევით გამვლელმა მიპოვა და მან აცნობა პოლიციას და"სასწრაფო დახმარებას". მერე პოლიციაც მოვიდა დასაკითხად, მათგან გავიგე, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა სარფის საზღვარი ამ ფაქტიდან საათ-ნახევარში გადაკვეთა და თურქეთში გადავიდა.

ძალოვანებმა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყეს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით და ასევე ოჯახური ძალადობის მუხლით. შსს-ს ცნობით, დანაშაული გახსნილია, დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ქვეყნიდან გასვლა მოასწრო და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სტატია ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 30 ივნისის ნომერში