როდის გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტს?! - კვირის პალიტრა

როდის გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტს?!

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად 4 ივლისს გავლენ. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაასრულეს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდებულის დახურულ სხდომაზე დაკითხვით განახლდა, მისი დასრულების შემდეგ კი დაცვის მხარემ ორი მოწმე დაკითხა და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.

დაცვის მხარეს სულ 8 მოწმე უნდა დაეკითხა, თუმცა 6 მოწმის დაკითხვა ადვოკატებმა საჭიროდ აღარ ჩათვალეს.

სახელმწიფო ბრალდებამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას სამი კვირა მოანდომა, დაცვის მხარემ კი საკუთარი მტკიცებულებები ერთ დღეში გამოიკვლია.

მომდევნო პროცესზე, რომელიც 4 ივლისაა დანიშნული, ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც რეპლიკების ეტაპი დადგება, ბოლოს კი ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის და ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად 3 საათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს. ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უკრავლესობით უნდა იქნას მიღებული, კერძოდ 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა გადაწყვეტილება ხმათა იგივე რაოდენობით იქნას მიღებული.

"ინტერპრესნიუსი"