"თოკო, სად იყო იმ დროს? იქნებ მანქანაში მარტო..." - მაგდა პაპიძის წერილი ციხიდან - კვირის პალიტრა

"თოკო, სად იყო იმ დროს? იქნებ მანქანაში მარტო..." - მაგდა პაპიძის წერილი ციხიდან

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის ამ ვერდიქტს წინ უსწრებდა ნაფიცი მსაჯულების უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ქართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 12-ივე მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო. მაგდა პაპიძე ერთადერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალია დღეს საქართველოში. ბუნებრივია, ამ ვერდიქტს ის არ ელოდა. სასამართლო პროცესებზე თავის უდანაშაულობაში ნაფიცების დარწმუნებას ცდილობდა, არაერთი ემოციური განცხადება გააკეთა, მაგრამ ნაფიცებმა მისი სიტყვები არ ირწმუნეს. მოსამართლის ვერდიქტამდე პროკურორმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა კი, მინიმალური სასჯელი... მოსამართლის ვერდიქტს პაპიძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და სასჯელის მინიმალურ ზომას მოითხოვენ... პაპიძის დედა კი აცხადებს, რომ ეს საქმე სტრასბურგში წავა, რადგან შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა მაგდა პაპიძის წერილი, რომელიც მან ადვოკატს გაუგზავნა. წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მაგდა პაპიძის თანხმობით. გთავაზობთ ამონარიდს:

"ირმა, იმიტომ გწერ, არ ვიცი, ამ კვირაში გნახავ თუ არა. 19 მარტი მომილოცე და წახვედი. 19 მარტი რომ მოსაღამოვდა, ძალიან გამიჭირდა დაძინება, ვგრძნობდი, ომარის უნდოდა მოლოცვა (ამ დღეს მაგდას დაბადების დღეა). გადავწყვიტე, თვალები დამეხუჭა და დამეძინა. მგონი, გავგიჟდი, მე შეგრძნებებითა და სიზმრებით ვცხოვრობ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამას სიზმარს ვერ დავარქმევ, ყურადღებით წაიკითხე, მთელი შეგრძნებით, გთხოვ. ჩვენ ეზოში ძაღლი გვყავდა, ბაგირა, ეს ძაღლი მე და მახომ გავზარდეთ. ომარისკენ სულ დასაგლეჯად მიიწევდა. ვერ იტანდა, მე ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს ბაგირა ეზოში მკვდარი ვნახე, ძალიან ვინერვიულე... ეს ძაღლი დამესიზმრა. უბანში ვიდექი თხელი სარაფნით, გაურკვევლად, მშვიდი, მაგრამ გვიანი ღამე იყო, ბაგირა ჩემთან გაცხოველებული მოვარდა, კაბაში ჩამავლო პირი და კორპუსისკენ მიმათრევდა. ისე სწრაფად, რომ ვეღარ მივრბოდი. ვიგრძენი, რომ მიწას აცდენილი ვიყავი. მიმაფრენდა ძალიან სწრაფად. სადარბაზოსთან მიმიყვანა, შევედით თუ არა, ხელმარჯვნივ ხის კარია, სადაც გიორგი რუსიშვილი ცხოვრობს. ხის კართან რკინის ყუთია მიმაგრებული, დენის მრიცხველის, იქამდე მიმიყვანა თუ არა, სწრაფად გაიქცა პირდაპირ, კიბის უკან ბაღებია, დიდი ვიწრო გასასვლელით და იქითკენ გაუჩინარდა. წინ რომ გავიხედე, ამ რკინის ყუთზე ომარის გვამი, მჯდომარე, მიყუდებული, იგივე ტანსაცმელი ეცვა, თავზე თეთრი პარკი ჰქონდა წამოცმული და კისერზე მარჯვენა მხარეს მოჭერილი და განასკვული მაგრად. რომელ მხარეს აქვს დაზიანება? ვცდილობ, პარკი შევუხსნა, მაგრამ ვერ ვუხსნი, ვეხები და მის სხეულში ვვარდები. თეთრი ყურიანი პარკი კისერზე უმოწყალოდ მოჭერილი, მარჯვნივ განასკვული მაგრად. ამ დროს სიბნელეში ხმა მესმის სიგარეტის მოკიდების. ჩემს ზურგს უკან ვიღაც სიგარეტს უკიდებს. ასანთის ხმა, თამბაქოს სუნი მომდის. გამეღვიძა, მორიგემ მითხრა, ღამის 01 საათი და 48 წუთიაო (მაინც ჩავიწერ ამ დროსაც), შუქი არ ამინთეს და სანთლის შუქზე ვწერ. სულ სველი ვარ ოფლისგან, თან 19 მარტი თენდება. ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს? იქნებ იქით, ბაღებისკენ, სადაც ბაგირა გაიქცა. ლანას წააკითხე, გთხოვ, როგორც კი შეძლებ. მე და ლანა ვეჭვობდით, რომ ბაგირა მარინამ, შორენას ბებიამ მოგვიკლა. ეს რას ნიშნავს, ომარის თავზე პარკი? საჩალელის ჩვენება, მთელი ცხოვრება მარინა და საჩალელი ჯადოებს ერთად აკეთებდნენ. ეს ლილიმაც იცის. იქნებ ომარი ჯერ მანდ მიაწვინეს და რომ ვერავინ დაინახა, მანქანით უთვალთვალეს და მერე დამიწვინეს კართან. მანამდე ბავშვი, თოკო, სად იყო? იქნებ მანქანაში მარტო, მაგ დროს ხომ არ ჩაიფსა? ეს პარკი იქნებ ომარის მართლაც ჰქონდა ჩამოცმული, ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ვერ დაინახა, ვინ იყო. გახსოვს, სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქანისკენ მიმათრევდა, პარკებიო, მეუბნებოდა. ხომ გახსოვს, ირმა, 2 თვის წინ ჩემი სიზმარი -…რკინის ყუთი, ხელმარჯვნივ სადარბაზოში... თუ მართლა მანდ მიაყუდეს, სისხლის კვალი იქნება. ან დენებთან რაიმე, ცხადად ვხედავ, რომ ასეა. ბაგირა ჩემი, შორენა, კაპიშონით, თეთრი თვალებით შეშინებული მიყურებს. მარინა, თამილა, საჩალელი... ამ სიზმარს დავით მაღრაძე რომ კითხულობდეს, იტყოდა, ახლა მაინც ხომ გჯერათ ჩემი დასკვნაო. დაარტყამდა თავის უნიათო და უსინდისო ბეჭედს მაგდას სიზმარს და გიჟად გამომაცხადებდა. ნეტავ იცოდეს, ჩემი მკვდრებისთვის როგორი გიჟი შემიძლია ვიყო... ლანას წააკითხე, ირმა, ლანას, რამდენჯერმე. ერთხელ წაკითხვა არ კმარა არასოდეს სრულად შესაგნებლად და აღსაქმელად. იქნებ შეძლო მაგ ადგილების დათვალიერება, აუცილებლად ღამით, უფრო იგრძნობ. ამ საშინელ უბედურებაში უკვე გრძნობებია საჭირო და ფურცლებს ძალა ეკარგებათ. როგორ მინდა მალე გნახო. ეს წერილი, ჩემი ორი კაცი. მანდ სადღაც, მანდ... ვიღაცა ფხიზლობდა, ვინ მოუკიდა ღამით სიგარეტს ისე, რომ მე მხედავდა. ბმვ, მანქანა ბუნკერთან ვერცხლისფერი, იმ ჩიხთან დგას, მე რომ გითხარი. უკანა ფარები ანთებული... ლანას წააკითხე, ლანას, იგრძნობს აუცილებლად". (იხილეთ სრულად)