"გოგონების გვამებს ძალადობის კვალი ეტყობა…" - ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"გოგონების გვამებს ძალადობის კვალი ეტყობა…" - ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"შესაძლოა, მძინარე ოჯახს დაესხნენ თავს და ისე დახოცეს, საცოდავებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს…"

სოფელი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს!

ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა ბოლოდროინდელ მკვლელობათა შორის უსასტიკესია. კაჩოტიანების ოჯახში სიკვდილს მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრი გადაურჩა, რადგან რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში, დროებით სამუშაოზე იყო წასული. მოკლულია ოჯახის დანარჩენი წევრები - 37 წლის დიასახლისი, მისი 17 და 16 წლის გოგონები და 5 წლის ვაჟი...

სამართალდამცველებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ვაჩიანის მკვიდრი 24 წლის ნოდარ ა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის მკვლელობას გულისხმობს და 20 წლით ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელმა დანაშაული აღიარა, თუმცა სოფელს ეს არ აკმაყოფილებს, ისინი დამნაშავის ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ, ამასთან, ირწმუნებიან, რომ მკვლელს თანამზრახველები ჰყავდა, რადგან 4 კაცის დახოცვას მარტო ვერ შეძლებდა.

სოფლის რწმუნებულს, ფიოდორ თოროსიანსაც ეეჭვება, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული მხოლოდ ერთი კაცის ჩადენილი იყოს.

- დედას და გოგონებს თავში არმატურა აქვთ ჩარტყმული და ამას ერთი კაცი როგორ მოახერხებდა?! ალბათ, სხვებიც ეხმარებოდნენ. ძალიან გვეცოდება ეს ოჯახი. ახალგაზრდები იყვნენ… გოგონები სკოლაში სწავლობდნენ, ბიჭი სულ პატარა იყო…

ადგილობრივების თქმით, ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, სოფელი დამნაშავის სასწრაფოდ დასჯას მოითხოვს! საქმე იქამდე მივიდა, რომ სპეცრაზმის გამოძახებაც კი გახდა საჭირო…

ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ დაკავებული ოჯახის წევრებს კარგად იცნობდა:

- დანაშაული გვიან ღამით მოხდა… სანამ დამნაშავეს დაიჭერდნენ, ყველა ამბობდა, რომ ეს იმის გაკეთებულია, ვინც ოჯახს კარგად იცნობდა და იცოდა, რომ ფული ჰქონდათო…

ეს ხალხი მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ რადგან ოჯახის უფროსი წევრი რუსეთში მუშაობდა, რასაც შოულობდა, შინ გზავნიდა. ალბათ, ცოტა ფული ახლაც ჰქონდათ, რაც მკვლელებმა იცოდნენ და ამიტომ გასაქურდად ფანჯრიდან შევიდნენ. ზოგი ამბობს, ოჯახმა დამნაშავეები ამოიცნო და ამიტომაც დახოცესო. ალბათ, ასეც იყო. მაგრამ მეზობლებს არანაირი ხმა არ გაუგიათ, რომელიმე ხომ მაინც იყვირებდა… შესაძლოა, მძინარე ოჯახს დაესხნენ თავს და ისე დახოცეს, საცოდავებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს…

- გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, 5 წლის ბიჭუნა, სახლის გადაწვისას, ბოლით გაიგუდა.

- საწყალი ბავშვი, ალბათ, დაიმალა, როცა დედასა და დებს აწამებდნენ. იმ არამზადებმა ქალებს თავში არმატურა ჩაარტყეს და ასე დახოცეს. მერე სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ბავშვმა გარეთ ვეღარ გამოაღწია და გაიგუდა. თუმცა, სახლი ბოლომდე არ დამწვარა, როცა ცეცხლი გაჩნდა, ხალხი გამოვიდა და ჩასაქრობად რომ მიცვივდნენ, მთელი ოჯახი დახოცილი დახვდათ. ამ ბავშვების ბაბუაც სოფელში ცხოვრობს და ისიც მივარდა. საშინელება იყო... ხალხი ძალიან ღელავს. ეს ამბავი ერთი დამნაშავის დაჭერით არ დამთავრდება!

… გავრცელებული ინფორმაციით, გოგონების გვამებს ძალადობის კვალი ეტყობა. ადგილობრივი გამოცემა წერდა, რომ ექსპერტიზის შემდეგ ცხედრები გადამწვარ სახლში ვერ გადაასვენეს და ნათესავების სახლიდან გაასვენებენ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)