"ტელევიზიით ვნახე ძირს დავარდნილი ბავშვები სისხლში როგორ ცურავდნენ" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიით ვნახე ძირს დავარდნილი ბავშვები სისხლში როგორ ცურავდნენ"

საქალაქო სასამართლოშო ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად "მასტერასა" და კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას აქვთ წაყენებული. სასამართლო სხდომაზე სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედა ნარგიზი გორგაძე დაკითხეს.

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ გაიხსენა თუ რისთვის იყო წამოსული თბილისში შოთა გორგაძე. როგორც ნარგიზი გორგაძემ აღნიშნა, მისი შვილი თბილისში წალკაში, ნათლობაში წასვლის მიზნით წამოვიდა. მოწმის თქმით, შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელევიზორიდან შეიტყო.

"შვილმა ნახა ტელევიზორში, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შოთას მეგობარი მარადი იყო გარდაცვლილი. ვცადეთ მასთან დარეკვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. ტელევიზიით ვნახე ძირს დავარდნილი ბავშვები სისხლში როგორ ცურავდნენ. დავიწყეთ ისევ მარადისთან დაკავშირება. ვიღაცამ გვიპასუხა ტელეფონზე და მითხრა - თქვენი შვილი აღარ არისო, "მორგშია" და თუ ჩამოხვალთ დღესვე, წაიყვანეთო, თუ არადა ხრამში გადავაგდებთო", - განაცხადა ნარგიზი გორგოძემ.

მოწმის თქმით, მის შვილს და მის მეგობრებს კრიმინალთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ და არც არავითარი იარაღი არ ჰქონდათ. "თუ იარაღი ჰქონდათ, რატომ არ მოვიდნენ და არ გაჩხრიკეს სახლი? თუ დანაშაულის ჩადენა უნდოდა, რატომ არ დაიჭირეს? რატომ მოკლეს? დაეჭირათ და ჩაესვათ ციხეში, ვნახავდი მაინც იქ. უდანაშაულო ბიჭები ჩაცხრილეს, ეს სამართალია? 11 წელია ასე ვტირი. შვილიშვილი დამიტოვეს, ჩვილი", - აღნიშნა დაკითხვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

მისივე განცხადებით, შოთა გორგოძის ძმა გია გორგაძე, რომელიც იმ დროს ციხეში იჯდა, აწამეს იმისთვის რომ ეთქვა, როგორ აპირებდნენ მისი ძმა და მეგობრები ციხის აღებას და პატიმრების გაქცევის ორგანიზებას.

შეგახსენებთ, 2006 წლის 12 იანვარს დათა ახალაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც უმოწყალოდ ჩაცხრილეს სამი ახალგაზრდა: 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე (ამ ამბიდან ძალიან მალე, 28 იანვარს, მოკლეს სანდრო გირგვლიანიც).

უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის #1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-იდან მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გამოჟონა, - ეს არის სკანდალური ვიდეომასალა, სადაც სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ორივეს სახეზე ღიმილი დასთამაშებს. ახალაია ხსნის ავტომატს და დაბლა (სავარაუდოდ, მიწაზე გართხმულ ახალგაზრდას) უშვერს, დონაძე გვერდზე ხტება, რომ შემთხვევით ტყვია არ მოხვდეს.

იხილეთ ასევე: ამბავი ”მასტერას” უხეირობისა