"მოულოდნელად უკან მობრუნდა, წინ წასულებიდან ერთ-ერთს ზურგიდან მიუახლოვდა და 7 ტყვია ესროლა" - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად უკან მობრუნდა, წინ წასულებიდან ერთ-ერთს ზურგიდან მიუახლოვდა და 7 ტყვია ესროლა"

"ვფიქრობ, მეორესაც მოკლავდა, მას თავი რომ არ დაეცვა. მასაც იარაღი ჰქონდა და თავდამსხმელს ორი ტყვია ფეხებში ესროლა. ეტყობა, მოკვლა, არ უნდოდა. მერე კი, დაჭრილთან ჩაიმუხლა და აყვირდა, - მიშველეთ, კაცი მიკვდებაო..."

18 ივლისს, ტრაგედია დატრიალდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში, სადაც ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. მომხდარიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილე სამივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავთანდილ ანთაძემ, რომელიც 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სასიკვდილოდ დაჭრა სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე არჩილ მამაგეიშვილი, რომელიც მოგვიანებით, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა...

ავთანდილ ანთაძე

გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ანთაძე შსს მინისტრის მოადგილეობის შემდეგაც სახელმწიფო მოხელე იყო და 2015 წლამდე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.

თვითმხვილველების თქმით, მას შემდეგ რაც ავთანდილ ანთაძემ 7 ტყვია ესროლა არჩილ მამაგეიშვილს, მისმა თანხმლებმა პირმა ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაჭრა ავთანდილ ანთაძე. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ის პირიც, რომელმაც ანთაძეს გაუხსნა ცეცხლი.

არჩილ მამაგეიშვილის ახლობლების თქმით, ის ანთაძეს ვალის დაბრუნებას სთხოვდა, რომელიც 100 ათას ლარზე მეტს შეადგენდა.

ირაკლი, არჩილ მამაგეიშვილის ნაცნობი:

- ავთანდილ ანთაძეს არჩილის დიდი რაოდენობით თანხა მართებდა, თითქმის 100 ათას ლარზე მეტი... ისინი წლებია ერთმანეთს იცნობდნენ, მეგობრობდნენ კიდეც, მაგრამ ბოლოს ძალიან გართულდა ვითარება, - როგორც ვიცი, ანთაძემ არჩილის ბინა იპოთეკაში ჩადო, თუმცა, ეტყობა, ვერ გადაიხადა და საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა. როგორც ამბობენ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, არჩილმა ანთაძე თანხის გადაუხდელობის გამო დაიბარა და ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა, რამაც ანთაძე გააბრაზა, თვითმხილველთა თქმით, სწორედ მან ესროლა პირველმა და სასიკვდილოდ გაიმეტა კაცი.

ვაჟა დანელია, თვითმხილველი:

- აღსრულების ბიუროში ისინი შუადღის საათებში შევიდნენ, სამნი იყვნენ. ერთმანეთში ცოტა ხმამაღლა საუბრობდნენ, მაგრამ არ უჩხუბიათ... საუბრის შინაარსი კარგად არ ისმოდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, მამაგეიშვილი ანთაძეს თანხის დროულად დაბრუნებას სთხოვდა, ანთაძე კი ეუბნებოდა, რომ ასეთი რამ არ უნდა ეკადრა და ის სააღსრულებო ბიუროში არ უნდა დაებარებინა. მათი ლაპარაკი უფრო რიგით კამათს ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ კონფლიქტს. შორიდან ისე ჩანდა, რომ ორნი რაღაცაზე დაობდნენ, მესამე კი - აწყნარებდა. შემდეგ ეზოში გავიდნენ, ორი მათგანი ერთი მანქანისკენ წავიდა, მესამე კი - სხვა მიმართულებით. შემდეგ კი, მოულოდნელად უკან მობრუნდა, წინ წასულებიდან ერთ-ერთს ზურგიდან მიუახლოვდა და იარაღიდან ცეცხლი გახსნა... შემდეგ გაირკვა, რომ 7-ჯერ გაუსვრია... ვფიქრობ, მეორესაც მოკლავდა, მას თავი რომ არ დაეცვა. მასაც იარაღი ჰქონდა და თავდამსხმელს ორი ტყვია ფეხებში ესროლა. ეტყობა, მოკვლა, არ უნდოდა. მერე კი, დაჭრილთან ჩაიმუხლა და აყვირდა, - მიშველეთ, კაცი მიკვდებაო... ყველანი, ვინც შენობაში ვიყავით, მაშინვე გარეთ გამოვცვივდით. თან იმ მეორე დაჭრილს, რომელიც უკვე ძირს ეგდო, უყვიროდა, - ეს რა ჩაიდინეო. მალე პოლიციაც მოვიდა. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კი, დააპატიმრეს.

ავთანდილ ანთაძე, რომელმაც სავარაუდო კრედიტორს ესროლა, 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და დეპუტატი გია ბარამიძე ამბობს, რომ მას ავთანდილ ანთაძესთან დიდი ხანია, რაც ურთიერთობა აღარ ჰქონია და არ ფლობს ინფორმაციას, რა სახის კონფლიქტი შეიძლება ყოფილიყო მასა და არჩილ მამაგეიშვილს შორის. "მას შემდეგ რაც შს მინისტრის პოსტი დავტოვე, მასთან ურთიერთობა არც კი მქონია. მომხდარის შესახებ მედიიდან გავიგე. წარმოდგენა არ მაქვს, ავთანდილ ანთაძე ამჟამად რას საქმიანობს, ან რატომ უნდა ვიცოდე, 12 წლის წინ ჩემი მოადგილე იყო და მას მერე არც კი მინახავს..."

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)