"ოჯახის ერთ წევრს იჭერენ და კლავენ, იბადება მეორე... სიმბოლურია, რომ ლელა ორსულადაა..." - "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა განახლდა - კვირის პალიტრა

"ოჯახის ერთ წევრს იჭერენ და კლავენ, იბადება მეორე... სიმბოლურია, რომ ლელა ორსულადაა..." - "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა განახლდა

20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, განახლდა.

წინა პროცესი რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. როგორც ადვოკატმა განმარტა, კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი მისი დის, მაია რჩეულიშვილისა და გურამ რჩეულიშვილის დაკავება გახდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც თავის მხრივ გამოძიების ინფორმაციით, ”ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელი პირების დანაშაულებრივი სამიანობის შედეგად დაზარალდნენ.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე, რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი და სამი წელიწადია გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმ ფონზე, რომ სახელმწიფოსთან ერთად სამშენებლო კომპანია დგამდა ნაბიჯებს, რათა მოსახლეობისთვის აღებული ვალდებულება შეესრულებინა, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება სრულიად გაუგებარია.

"მე არ ვარ სასარგებლო, რათა დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა. მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელია, რომ პატიმრობაში ვიყო მე, სამშენებლო სექტორს და არა მხოლოდ მაია რჩეულიშვილს კი მიეცეს საშუალება გააკეთონ ის საქმე, რა ვალდებულებაც აქვს მოქალაქეების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჩვენ და ადამიანები ჩაგვრეცხეს".

ვახტანგ რჩეულიშვილმა კი, სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, რჩეულიშვილმა დარბაზის დატოვებამდე სასამართლოს მცირე რეპლიკით მიმართა და სთხოვა გაეთავისუფლებინა მაია რჩეულიშვილი, სანაცვლოდ კი ის დაეკავებინათ.

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ ვახტანგ რჩეულიშვილს სიმშვიდისკენ ან დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

"ერთადერთი, ვინც შეიძლება მშენებლობა დაამთავროს მაიაა... გამოუშვით ის და ჩვენ დაგვაკავეთ.. მე ასე, წყნარად ვერ ვიჯდები პროცესზე და მირჩევნია დარბაზი დავტოვო“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

დარბაზის დატოვებამდე რჩეულიშვილმა  განაცხადა: "ვერაფერს გვიზამენ მაინც, ღმერთი არის მაღალი. მაია დაიჭირეს და ორსულად არის ლელა, გუკას მეუღლე. ეს გუშინ გავიგე. ოჯახის ერთ წევრს იჭერენ და კლავენ, იბადება მეორე ოჯახის წევრი... სიმბოლურია რომ ლელა (კილაძე - რედ.) ორსულადაა..." - ამ კომენტარით შემოიფარგლა ვახტანგ რჩეულიშვილი ჟურნალისტებთან.

ვიდეო