"იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო"

გასულ კვირას სადისტურად ორი ახალგაზრდა ქალი მოკლეს და ორივეს მკვლელობაში ბრალდებული ქმარია. ჟურნალი "გზა" მკვლელობის დეტალებზე სტატიას აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ფონიჭალაში 20 წლის კიუნაი ისაევას ქმარმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა იმავე დღესვე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, 25 წლის ნოვრაზ ა. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა და ქალი იძულებული იყო, სახლიდან წამოსულიყო, ბებიასთან ცხოვრობდა. მკვლელობის დღესაც ქმარი ბებიის სახლში მიუვარდა ცოლს და ნათესავების თვალწინ სცემა. მოძალადისგან თავი რომ დაეღწიათ, ქალის ბაბუამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა მოძალადე განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს.

- ბევრჯერ ჰყავს ქმარს ეს გოგო ნაცემი, იმ დღესაც გამოიძახეს პატრული. მისი ქმარი პოლიციაში წაიყვანეს, ხელწერილი დააწერინეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა და გამოუშვეს, მაგრამ ნოვრაზი იმავე ღამეს გოგოს ბებიის სახლში მაინც მიუვარდა, ოთახში შევარდა და საწოლში მწოლიარეს დანით ყელი გამოსჭრა. "სასწრაფო" რომ მოვიდა, გოგო ჯერ ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ მალე გარდაიცვალა. იმასაც ამბობენ, მისთვის თავის მოჭრა უნდოდაო. ორი პატარა დარჩა უპატრონოდ. ძალიან პატარა იყო ეს გოგო, ოჯახმა რომ გაათხოვა. ქმარი ეჭვიანობის გამო ხშირად სცემდა, ის ბებიასთან გარბოდა, მაგრამ მერე ქმარი მოდიოდა, შერიგებას სთხოვდა და ისევ უკან აბრუნებდა, - ამბობს მოკლულის ახლობელი.

დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს გოგოს ბებია, მინიხანუმ ისაევა:

- გათხოვების დღიდან ჰქონდა ჩემს გოგოს პრობლემები. სულ ეჩხუბებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უნდა ემუშავა. ქმრის ბებია ძალიან ცუდად ექცეოდა, სცემდა. ჩემი შვილიშვილი ეუბნებოდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა და ვერ იმუშავებდა. ორი ბავშვი ჰყავს. ბებია მის ქმარსაც ეჩხუბებოდა, შემდეგ ის ქმარი კიუნაის სცემდა, წიხლებს ურტყამდა, სულ დალურჯებული იყო. იჩხუბებდნენ, მოვიდოდა ჩემთან, მერე კი ისევ ურიგდებოდა ქმარს. ბოლოს ჩემთან რომ მოვიდა, მითხრა, - უკან არ დავბრუნდებიო. ქმრის ბებიამ თურმე რძალს ტაფით სცემა, კიუნაი შვილებთან ერთად მოვიდა. ერთი თვეა, ჩემთან ცხოვრობს, ქმარი მოდიოდა და ფულს ითხოვდა. კიუნაიმ უთხრა, რომ აღარ შეეძლო ამდენის ატანა და მასთან გაშორებას აპირებდა. ქმარმა უპასუხა, მაშინ მიწაში იქნებიო. წინადღეს ბავშვები წაგვართვა და თავის სახლში წაიყვანა. ერთხელ ყელზე ქამარი მოუჭირა და ახრჩობდა. იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო.

სტატია ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 21 ივლისის ნომერში