იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა - კვირის პალიტრა

იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა

საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე 21 წელი ძებნილი იყო და რუსეთში იმყოფებოდა. გიორგაძეს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტსაც უკავშირებდნენ.

როგორც ტელეკომპანია "იბერიასთან" სატელეფონო საუბრისას გიორგაძემ განაცხადა, მასზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.

„ინტერპოლმა“ განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა. ახლა სასამართლო განიხილავს ჩემს საქმეს. დაუკავშირდით ჩემს ადვოკატებს და გეტყვიან ზუსტ რიცხვს. ინიცირება გავუკეთეთ, რომ სასამართლომ განიხილოს, რამდენად შეესაბამება ჩემი, თითქმის 21 წელი პოლიტიკურად დევნა იმ სიტუაციას, რაც ჩემს გარშემო არსებობს. ასე, რომ თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, ადგილზე არიან ჩემი ადვოკატები და გიპასუხებენ“, - აღნიშნა იგორ გიორგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გეგმავს იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლას, მან განაცხადა, რომ გეგმავს და ამიტომ სასამართლოს დადგენილებას ელოდება. გიორგაძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის აპირებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

მთავარმა პროკურატურამ იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის საკითხზე უკვე გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძის მიმართ.

ი. გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება.

2016 წლის 30 მაისს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მიეწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ ი. გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, მის მიმართ შეწყდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვეტას ექვემდებარება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსგავსად წინა შემთხვევებისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. კერძოდ, იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა. შედეგად, პირი რომელიც 1995 წლიდან იძებნებოდა, მის მიმართ შეწყდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა.

ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.