"ერთ-ერთი ვერსიით, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, ის კონფლიქტის ზონაში გადაიყვანეს" - უბედური შემთხვევის თუ დანაშაულის მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთი ვერსიით, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, ის კონფლიქტის ზონაში გადაიყვანეს" - უბედური შემთხვევის თუ დანაშაულის მსხვერპლი?!

სად გაუჩინარდა გერმანიის მოქალაქე?!

უკვე რამდენიმე დღეა, სამეგრელო - ზემო სვანეთში დაკარგულ, გერმანის ბიზნესმენს ეძებენ. გაუჩინარებული ინჟინერი, სერგეი სმისლოვი კომპანია "ეპკისაში" მუშაობდა და მესტიაში, 2013 წლიდან წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ზედამხედველი იყო. 65 წლის სმისლოვი უკრაინაში, კიევში დაიბადა, თუმცა 90-იანი წლებიდან გერმანიაში ცხოვრობდა და იქაური მოქალაქეობაც ჰქონდა... გავრცელებული ინფორმაციით, მას კონტრაქტის ვადა 15 ივლისს ეწურებოდა და საქართველოდან აპირებდა წასვლას. ის წალენჯიხაში, დაბა ჯვარის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. დაკარგულია მისი მანქანაც.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ხაიშის მონაკვეთზე ერთ-ერთ გვირაბთან მანქანის მუხრუჭების და საგზაო ნიშანთან შეჯახების კვალიც აღმოაჩინეს, თუმცა, იქ კრიმინალისტებმა მანქანის გადავარდნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ვერ იპოვეს.

ბიზნესმენის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვარაუდით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა...

თემურ სამუშია, ადგილობრივი მცხოვრები:

- ეს კაცი დაახლოებით 3 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, ზოგჯერ ოჯახის წევრები და მეგობრებიც აკითხავდნენ... ძალიან სერიოზულ და საქმიან კაცად ვიცნობდით. ამ სამი წლის განმავლობაში, მუდმივად მიდი-მოდიოდა საქართველოსა და გერმანიას შორის... როგორც ვიცი, მესტიაში, სასტუმრო "ნიკალაში" ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან ხშირად ხედავდნენ დაბა ჯვარში. ადგილობრივები უკვე ვცნობდით მის თეთრ "პიკაპს". გავრცელებული ინფორმაციით, ის მესტიისკენ, ისევ მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიდიოდა და ზუგდიდის გასასვლელთან ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

- რა ვერსიები ვრცელდება მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით?

- რამდენიმე ვერსია გავრცელდა, - პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა, რაც უბრალოდ, გულუბრყვილო ვერსია მგონია, რადგან ყველა, ვინც მას იცნობდა, იტყვის, რომ ძალიან ფრთხილი და მოწესრიგებული მძღოლი იყო და თუ სადმე გადავარდებოდა, რადგან ვარაუდობენ, რომ შემთხვევა მდინარე ენგურთან ახლოს მოხდა, ძლიერი წვიმების მიუხედავად, მაშველებს აქამდე მანქანა მაინც უნდა ეპოვათ. ასე უგზო-უკვლოდ გაუჩინარება რაღაც უცნაურია, მისტიკურ სამყაროში ხომ არ ვცხოვრობ?! მეორე ვერსიაა, გატაცება. დიდი მიხვედრა არ უნდოდა იმას, რომ მას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს. იქვე ახლოს კონფლიქტისპირა სოფლებია, რომელთა კონტროლი გართულებულია. ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, შეიარღებული პირების ე.წ. პარტიზანების გააქტიურებაზე. ანუ ამ ვერსიით, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, ის კონფლიქტის ზონაში გადაიყვანეს.

დაკარგულის ქალიშვილის თქმით, მამამისის კვალი სოფელ მუჟავასთან, (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) წყდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დრომდე ვერ პოულობენ მის მანქანასაც. ერთ-ერთი ინფორმაციით, მას თან დიდი ოდენობის თანხა ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამას ვერ ადასტურებს, რადგან მათი თქმით, დაკარგულის ოჯახს, იმ ბანკისგან, სადაც სმისლოვს თანხა ერიცხებოდა, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, გატანილია თუ არა მისი ანგარიშიდან ფული.

ბადრი გაგოშიძე, სერგეი სმისლოვის მეგობარი:

- ბოლოს 12 ივლისს, 11-ის ნახევრისთვის ვესაუბრე და შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ შევძელი, მობილური გამორთული ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, გარშემო მთებია და სიხშირე არ ჰყოფნის-მეთქი. როდესაც ის მეორე დილამდე არ შემეხმიანა, დავეჭვდი, მივხვდი, რაღაც ისე ვერ იყო. ვერც კაცი ვიპოვე და ვერც მანქანა და ამის შემდეგ დავიწყეთ ძებნა... მართლა არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო, საქმეს პოოლიცია იძიებს და არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ამიტომ დაველოდები გამოძიების შედეგებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დაკარგული სერგეი სმისლოვის საპოვნელად უკვე მერვე დღეა ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)