სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს - თურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს - თურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, შემთხვევა მარმარისში მოხდა.

საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ ბრალი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 5 ქართველიდან ერთ-ერთი პირი, დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოშიც იძებნება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის დადას ტურებულია, რომ 5 ქართველი პოლიციელის მკვლელობისთვისაა დაკავებული, თუმცა მათი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.

”რა ინფორმაციაც ამ დროისთვის არის შესული საკონსულოში, არის ის, რომ დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, რაც თურქულ მედიაში პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება, მათ ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ. ამჟამად ჩვენი კონსული მიემგზავრება მარმარისში, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. რამდენადაც ვიცით, ამჟამად დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს”, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.