ვინ არის "წრუწი"? - სააკაშვილმა კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი გამოამგზავრა ოდესიდან საქართველოში - კვირის პალიტრა

ვინ არის "წრუწი"? - სააკაშვილმა კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი გამოამგზავრა ოდესიდან საქართველოში

"დღეს, ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სახელმწიფო სამსახურმა დაადგინა კიდევ ერთი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის მეტსახელად "წრუწის" ვინაობა, რომელმაც დღესვე დატოვა უკრაინის ტერიტორია და გამგზავრებულ იქნა თბილისში. ქართულ მხარეს კი, ამის თაობაზე წინასწარ გაეგზავნა შეტყობინება.

ჩემს მიერ ინიცირებული კანონის თანახმად, დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტები ავტომატურად ციხეში ხვდებოდნენ. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც, ქართული სახელმწიფო მორიგ კანონიერ ქურდს არ მისცემს საშუალებას უპრობლემოდ გადაკვეთოს საზღვარი და თავისუფლად დატოვოს აეროპორტის ტერიტორია", - ექსპრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 23 ივლისს, "ფეისბუკის" საშუალებით, ასე აცნობა საზოგადოებას კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ოდესიდან საქართველოში დეპორტაცია და იქვე მისი ფოტოც გამოაქვეყნა.

მალევე ინფორმაცია უკარინულმა მედიამაც გაავრცელა

უკრაინული პოლიციის ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის განცხადებით, 23 ივლისს ოდესის ოლქში დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს ადრე ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული "კანონიერი ქურდი" თეიმურაზ ჩხეტიანი, მეტსახელად, "წრუწი".

განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. შსს-ს ინფორმაციით, კანონიერი ქურდობის ბრალდებით წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩხეტიანი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩხეტიანი ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის  ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია "კანონიერ ქურდად". სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით)", - აცხადებენ შსს-ში. (იხილეთ ვიდეო)

ვინ არის "წრუწი"?

თემურაზ ჩხეტიანი, 1972 წელს ქუთაისში დაიბადა. ქურადად 1993 წელს "აკურთხეს". პირველად 1994 წელს მოსკოვში დააპატიმრეს ნარკოდანაშაულისთვის და 6 წელი მიუსაჯეს. ის ციხიდან 2000 წელს გათავისფლდა, თუმცა იმავე წელს ისევ დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს. შემდგომ უკვე 2006 წელს დაიჭირეს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით და მას მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა. საპატიმრო 2011 წელს დატოვა.

არსებული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი "ქურდული უფლებამოსილება" შეჩერებული იყო მეორე ე.წ. კანონიერ ქურდთან ნიკა მელაძესთან კონფლიქტის გამო, ამიტომაც ის მეორე სასჯელზე უკვე შერყეული რეპუტაციით წავიდა. მისი მდგომარეობა კი კიდევ უფრო მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას თავისი პრეტენზიები კიდევ ერთმა "კანონიერმა ქურდმა" გია ზვიადაძემ წაუყენა. კრასნოიარსკის სასჯელაღსრულების # 17 დაწესეულებაში ჩხეტიანს "კანონიერი ქურდის" წოდება ჩამოერთვა", - წერდა რუსული მედია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის საკუთარი სტატუსის აღდგენისთვის ბრძოლას აპირებდა, მოახერხა თუ არა, უცნობია, ანუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს თუ არა მისი დანაშაულის დამტკიცებას და კანონიერი ქურდი სტატუსით გასამართლებას, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

შეგახსენებთ, სააკაშვილის მეოხებით ოდესიდან უკვე გამოუშვეს ერთი კრიმინალური ავტორიტეტი დავით გერლიანი.

იხილეთ ასევე: "ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინი