"ამოიღო ორი სხვადასხვა იარაღი და ესროლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ამოიღო ორი სხვადასხვა იარაღი და ესროლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

"კაცი ტყვიამფრქვევით იყო დაჭრილი, მაშინ გადაურჩა სიკვდილს და ამ გარეწარმა კი მუხანათურად მოკლა"

18 ივლისს თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა ისმოდა. სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, 44 წლის არჩილ მამაგეიშვილს, ძალოვანმა 50 წლის ავთანდილ ანთაძემ 7 ტყვია დაახალა. საპასუხოდ ანთაძეს მამაგეიშვილის მეგობარმა, ყოფილმა ძალოვანმა, 39 წლის მიხეილ ვანიშვილმა რამდენჯერმე ესროლა და ანთაძეც მძიმედ დაიჭრა.

არჩილ მამაგეიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარ მკვლელობაზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ. აი, რას ყვება არჩილ მამაგეიშვილის ახლობელი გამოცემასთან:

"დანაშაული ეზოში მოხდა. ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, 140.000 დოლარი და თანხის სანაცვლოდ ანთაძის ბინა იყო ჩადებული. დავა 4 წელზე მეტია მიმდინარეობს, ანთაძე ფულს არ აბრუნებდა და საქმე სასამართლომდე მივიდა. მამაგეიშვილმა საქმე მოიგო და აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმ დღეს იქ აუქციონი უნდა გამართულიყო და ანთაძის ბინა უნდა გაყიდულიყო. ამიტომ ანთაძემ სთხოვა არჩილს, ბინა რომ არ დავკარგო, თანხის ნაწილს, 40.000 დოლარს მოგცემ და შეაჩერე აუქციონიო. აჩიკო დათანხმდა. აჩიკომ იმ დღეს სრულიად შემთხვევით წაიყვანა მასთან ერთად ვანიშვილი, რომელიც მანქანაში იჯდა და არც კი გადაჰყოლია მანქანიდან. აჩიკო ხელის ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთაძისკენ, მან კი ამოიღო ორი სხვადასხვა იარაღი და ესროლა. წარმოიდგინეთ ამ დროს ვანიშვილის მდგომარეობა - ხედავს, რომ მის მეგობარს კლავენ. სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან და ანთაძემ, ალბათ, იცნო, ისიც ხომ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა და მასაც ესროლა, მაგრამ სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, მანქანის მეორე მხარეს იყო და მოახერხა მის ქვევით ჩამალვა. ვანიშვილი პოლკოვნიკია, ტაბელური იარაღი მასაც ჰქონდა და თავისი სიცოცხლე რომ დაეცვა, ანთაძეს ესროლა. რატომ არ აღიძრა საქმე აუცილებელი მოგერიების მუხლით? ის თავს იცავდა და ეს კამერებზეც აღბეჭდილია. ორ კაცს კლავდა ანთაძე და ბრალი ვანიშვილს წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვის?

აჩიკოს ნახევარ მხარეს ნეკნები არ ჰქონდა, იმდენჯერ იყო ნაბრძოლი და დაჭრილი. უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. საქართველოში ომი არ ყოფილა, მონაწილეობა არ მიეღო. კაცი ტყვიამფრქვევით იყო დაჭრილი, მაშინ გადაურჩა სიკვდილს და ამ გარეწარმა კი მუხანათურად მოკლა"

იხილეთ სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "აჩიკო ხელის ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთაძისკენ, მან კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა"