"ვერ დამიჯერებია, რომ ცოცხლები აღარ არიან" - რა გახდა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი?! - კვირის პალიტრა

"ვერ დამიჯერებია, რომ ცოცხლები აღარ არიან" - რა გახდა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი?!

რამდენიმე დღის წინ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარია საქართველოს, ალბათ, დიდხანს ემახსოვრება. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი NISSAN TIIDA და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. NISSAN TIIDA-ში მჯდომი სამივე მგზავრი: გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, და მათი მეგობარი, ანი ჩხაიძე დაიღუპნენ, BMW-ში მსხდომი საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ამჟამად ქუთაისისა და სამტრედიის სტაციონარებში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ლომინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

მომხდარზე სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ნინო ზაუტაშვილი, გარდაცვლილი წყვილის ახლობელი: "ვერ დამიჯერებია, რომ ცოცხლები აღარ არიან. ალბათ, სპეციალისტები გაარკვევენ, რა მოხდა და როგორ, თუმცა მსმენია, რომ ავტობანის ის მონაკვეთი არ არის გამართული, არა აქვს გამყოფი ზოლი. "სკირა" ჩემი შვილის მეგობარი იყო, მეორე მანქანაში მჯდარი გიორგი ლომინაძე კი ჩემი ახლობლების შვილია, გიორგი და ჩემი უფროსი ვაჟი მეგობრობენ. მინდა მათაც გამოჯანმრთელება ვუსურვო".

რა გახდა 21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი

გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ავტოკატასტროფის ზუსტი მიზეზი. მანამდე კი მომხდარზე არაერთი ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ავტოკატასტროფის მიზეზი მესამე, "მერსედესის" მარკის ავტომობილია, რომელიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებში არსად ფიგურირებს, არადა, როგორც ამბობენ, სწორედ მისი გაკეთებული მანევრი (გასწრება) გამხდარა ავტოკატასტროფის მიზეზი - თბილისისკენ მომავალი TIIDAთავის სავალ ზოლში, დაშვებული სიჩქარით მიჰყვებოდა უკან სატვირთო ავტომობილს. მანქანებს შორის დისტანცია ნორმის ფარგლებს შეეფერებოდა. საპირისპირო მხრიდან მოძრავ BMW-ს მოულოდნელად, უკნიდან "მერსედესის" მარკის ავტომობილი წინ ჩაუდგა, BMW-ს მძღოლმა, "მერსედესს" რომ არ დასჯახებოდა, დამუხრუჭებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა და TIIDA-ს შეეჯახა.

მეორე ვერსიით კი, საპირისპიროდ მოძრავი NISSAN TIIDA-სა და BMW -ს მარკის ავტომობილების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რასაც პროვოცირება სველმა ასფალტის საფარმა გაუწია.

იხილეთ სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ეს ზონა ავტოავარიების მაღალი რისკის შემცველია"

იხილეთ ასევე: "კიდევ კარგი, პატარა ქალიშვილი თან არ ჰყავდათ" - საშინელი ტრაგედიით დასრულებული ავტოავარია