"მე, ჩემი ოჯახი და სტუმრები სასწაულებრივად გადავურჩით აფეთქებას" - კვირის პალიტრა

"მე, ჩემი ოჯახი და სტუმრები სასწაულებრივად გადავურჩით აფეთქებას"

ყოფილი პარლამენტარის, 2008-2012 წლებში ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის რომან მარსაგიშვილის სახლში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა მისმა მეგობარმა, დეპუტატმა კარლო კოპალიანმა გაავრცელა, რომლის ვარაუდითაც, ასაფეთებელი ნივთიერება მარსაგიშვილის სახლში წინა ხელისუფლების დროს არის "ჩადებული".

კარლო კოპალიანი, დეპუტატი:

- მას ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში კეთილმოწყობილი სახლი აქვს, ეს არ არის აგრაკი, მეორე სახლივით არის, სადაც ოჯახი, მოხუცი დედა და შვილიშვილები ხშირად აჰყავს ხოლმე. ასე იყო წლების განმავლობაში, ჩვენც, მეგობრებიც იქ ხშირად შევკრებილვართ. მაგრად ვართ გადარჩენილი ყველანი, ეს იმ წლებშია გაკეთებული, როდესაც "ნაციონალებს" ადამიანის სიცოცხლე ჩირად არ უღირდათ.

ყაზბეგში მყოფ რომან მარსაგიშვილსაც დავუკავშირდით:

- მე და ჩემი შვილიშვილი კარ-მიდამოს ვასუფთავებდით. კარგა ხანია საგულდაგულოდ და საფუძვლიანად არ მიმიხედია აქაურობისთვის, ეზოს კუთხეში, რაღაც უცნაური ნივთი ვიპოვე. ერთი შეხედვით, ბოთლი მეგონა... ახლოს რომ მივედი, ვნახე, ერთად რამდენიმე შეკვრა იყო დახვეული. მაშინვე მიხვდი, რომ თავის დროზე მზადყოფნაში მოყვანილი ასაფათქებელი იყო. ახლა შესაძლოა, არც კი აფეთქებულიყო, რადგან საკმაოდ დროის წინ ჩადებულს ჰგავდა. წვიმებისა და თოვლისგან მწყობრიდან იქნებოდა გამოსული ალბათ, თუმცა სამართლადაცველები მუშაობის დასრულების შემდეგ ყველაფერს იტყვიან... გასაგები იყო, ჩემი პოლიტიკაში აქტიურად ყოფნის დრო უმუშავია ვიღაცას, ჩანაფიქრს მივხვდი, მაგრამ ბედმა არ გაგვწირა, არც ჩემი ოჯახის წევრები და არც ჩემი სტუმრები, ვინც ჩემთან თავს იყრიდა.

- თქვენი პოლიტიკაში ყოფნის რომელ პერიოდს უკავშირებთ ასაფეთქებლის ჩადებას და რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ქმედებას?

- მაშინდელ ხელისუფლებას ჩემი საპარლამენტო უმცირესობიდან გამოსვლა არ უნდოდა, რაც მის დაშლას ნიშნავდა. ეს კი "ნაციონალურ მოძრაობას" არაფრით არ უნდოდა. თუმცა, მაინც გამოვედი. შემდეგ იქ სხვა ადამიანი გადაიყვანეს და მაინც შეინარჩუნეს უმცირესობა. მე კი, "ნაციონალებისთვის" არასასურველ პიროვნებად ვიქეცი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც, ფრაქცია "სამართლიან ერთობაში" ვიყავი და ჩემი გადაწყვეტილებით იმის ლუსტრაცია მოვახდინე, რომ უმცირესობა და უმრავსელობა ერთი და იგივე იყო, ამას ვერ მპატიობდნენ. თავიდან, ირიბად მიმანიშნებდნენ, რომ ამას არ შემარჩენდნენ. მოგვიანებით, ზეწოლა სხვა ფორმით განახორციელეს, - ჩემი შვილი აბსურდული ბრალდებით დაიჭირეს, ნარკოტიკი ჩაუდეს და გაასამართლეს კიდეც. შემდეგ კი, ქონებაც წამართვეს.

- კონკრეტულად რა ქონება?

- დიღომში, სავაჭრო ცენტრ "გუდვილთან" 3 ჰა მიწის ნაკვეთი წამართვეს და ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას სხვებს მიჰყიდეს.

- სარჩელი სასამართლოში არ შეგიტანიათ?

- კი, როგორ არა, შევიტანე სარჩელი, მაგრამ მაშინ წართმევა იმაზე უფრო ადვილი იყო, ვიდრე ახლა დაბრუნებაა, რადგან, როგორც გითხარით, მაშინვე მიჰყიდეს ვიღაცებს, რომლებიც იქ მთელი რიგი პროექტების განხორციელებას აპირებდნენ. არადა, ეს ტერიტორია, 1997 წლიდან ჩემს საკუთრებაში იყო, იურუდიული მხარე და ყველა საკითხი სამართლიანად და კეთილსინდისიერად მქონდა გაფორმებული.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)