უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო - კვირის პალიტრა

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

როლანდ ახალაიას სადეპუტატო მანდატი ვადაზე ადრე შეუწყდება

პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგება.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს. ასევე რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შედის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 15 დღის ვადაში განაჩენს გამოითხოვს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს სესიაზე უნდა მიიღოს.

“ჩვენ რეგლამენტით დადგენილი წესით, დადგენილ ვადაში კომიტეტის სხდომას მოვიწვევთ და შესაბამის დასკვნას მოვამზადებთ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს. საკითხი საშემოდგომო სესიაზე გავა“, - განუცხადა “ინტერპრესიუსს“ კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა.

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.