პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეა დაბარებული - კვირის პალიტრა

პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეა დაბარებული

დღეს მომიტანეს უწყება მთავარ პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა.

"ვკითხე იმ პროკურორს, ვინც უწყება მომიტანა, ჩემს კოლეგებსაც თუ იბარებდნენ და მითხრა, რომ ყველა სხვა მოსამართლესთანაც გაგზავნილია უწყებები პროკურატურაში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. მკითხეს, დღეს თუ შემეძლო მივსულიყავი, მაგრამ დაკავებული ვარ და ზეგამდე ვერ მივალ", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მოსამართლის თქმით, კოლეგებთან კონტაქტი არ ჰქონია და არ იცის, აპირებენ თუ არა ისინი პროკურატურაში მისვლას.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ გამოკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეა დაბარებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცხრა მოსამართლე ჰყავს, მათ შორის გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს და პლენუმის თავმჯდომარეა. მთავარ პროკურატურაში ხვალ, 13:00 საათზეა დაბარებული უშუალოდ პაპუაშვილი.