"სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს" - პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

"სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს" - პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში იმყოფებოდა

"როდესაც დაკავებულმა მოითხოვა ადვოკატი, უთხრეს, რომ თავი ევროპაში ხომ არ ეგონა"

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან გოგოჭურის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს.

როგორც სოსო ბარათაშვილმა გუშინ, მინდია გოგოჭურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარ პროკურატურაში გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს. 2016 წლის 28 ივნისს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მას შეზღუდული ჰქონდა მიმოსვლის თავისუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი იყო დაკავებული. დაკავებულ პირს გააჩნია მთელი რიგი უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება და განმარტება იმის თაობაზე, რომ მას აქვს დუმილის გამოყენების უფლება. შედგენილი უნდა ყოფილიყო დაკავების ოქმი. არც ერთი ეს მოქმედება არ იყო შესრულებული. ეს არის უხეში დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.

სამართალდამცავებმა, რომლებმაც გოგოჭური დააკავეს, კარგად იცოდნენ, რომ ის იყო პრეზიდენტთან ნათესაურ კავშირში. ასევე დაფიქსირდა საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება და კანონის უგულებელყოფა. როდესაც დაკავებულმა მოითხოვა ადვოკატი, უთხრეს, რომ თავი ევროპაში ხომ არ ეგონა, რაც ამავდროულად არის ძალიან დიდი დარღვევა და იწვევს ბევრ საფუძვლიან ეჭვს“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა.

გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გოგოჭური პროკურატურაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მან საგამოძიებო ორგანო უკომენტაროდ დატოვა.

დღეს მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის რამდენიმე მეგობარიც დაიბარა. როგორც უწყებაში განაცხადეს, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს უკვე მინდია გოგოჭურის ორი მეგობარი - მიხეილ ტატარიშვილი და თორნიკე კაჭარავა გამოიკითხებიან. ტატარაშვილი მთავარ პროკურატურაში 11:00 საათზე, კაჭარავა კი 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.