"პოლიცია გვეუბნება, პარანორმალური მოვლენაა, ზეციური არსებაა და გადაივლისო..." - კუმისელი "მოჩვენება" ახლა ასურეთში გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"პოლიცია გვეუბნება, პარანორმალური მოვლენაა, ზეციური არსებაა და გადაივლისო..." - კუმისელი "მოჩვენება" ახლა ასურეთში გამოჩნდა

კუმისის უცნაურ მოვლენაზე "კვირის პალიტრის" #29-ში ვწერდით (იხილეთ: "გარეთ რომ გავიხედე, შავებში ჩაცმული მაღალი, გამხდარი მამაკაცი ფანჯარასთან იდგა და მწერებისგან დამცავ ბადეს ხევდა") - მოსახლეობის მყუდროებას ღამის საათებში დაუდგენელი პირი არღვევდა. ეზოებში იპარებოდა, კარ-ფანჯარას ჩხაპნიდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. შემდეგ კუმისელი "მოჩვენება" თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ კოდაში, ბორბალოსა და ღოუბანში გამოჩნდა. შეშინებული მოსახლეობა უცნობს კუმისელების მსგავსად აღწერდა: მაღალი, გამხდარი, შეღებილსახიანი პირი, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს... რამდენიმე დღის წინ კი"კუმისელი "მოჩვენება" სოფელ ასურეთშიც შენიშნეს.

გაზეთი "კვირის პალიტრა" კიდევ ერთ სტატიას 1-ლი აგვისტოს ნომერში აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს:

უცნაურად შემოსილი მამაკაცი ასურეთში ძველ კლუბთან ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამაც ნახა. ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც თავად პოლიციის თანამშრომელია, "კვირის პალიტრასთან" იხსენებს:

-"სამი დღის წინ, ჩვენი სახლის გვერდით მდებარე ბორცვზე, სადაც ჯვარია აღმართული, უბნის ბიჭები ლუდს ვსვამდით. ერთმა გვითხრა, - უკან შებრუნდით, ვიღაც დგას და გვიყურებსო. რომ მივტრიალდით, ყველანი ადგილზე გავიყინეთ. თეთრებში ჩაცმული მაღალი, უთმო მამაკაცი მოგვშტერებოდა და ხმას არ იღებდა. დავუძახეთ, ვინ ხარ, რა გინდა და რატომ გვიყურებო. არც განძრეულა, გაშტერებული მოგვჩერებოდა. ბოლოს ვუთხარით, მობრძანდით და ერთი ჭიქა დაგვილიეთო. ამის თქმა და უკან გაბრუნდა. ქვემოთ გაუყვა გზას.

ლელა ჯანგებაში, სოფელ ღოუბნის მკვიდრი: -"დაახლოებით დღის ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც ჩემი მაზლის ოჯახში შევედი წყლის დასალევად და მალევე გამოვბრუნდი. ნახევარ საათში ჩემი რძლის კივილი გავიგონე და მაშინვე შევვარდით. გვითხრა, რომ ბოსელში ძროხის დასაბმელად იყო შესული, როდესაც ქვების სროლისა და ყმუილის ხმა გაუგონია. კივილით გარეთ გავარდნილა, "მოჩვენება" კი სასწაული სიჩქარით გაქცეულა. სოფლის კაცები გაედევნენ, მაგრამ ვერ დაიჭირეს. მერე მეორე მეზობელმა დაინახა იმავე აღწერილობის მამაკაცი და იქაც შეცვივდნენ კაცები. იქიდანაც დაუსხლტათ. პოლიციამ მომხდარის შესახებ იცით, რა გვითხრა? პარანორმალური მოვლენაა, ზეციური არსებაა და გადაივლისო".

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "კი არ დადის, დაფრინავს"