"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა..." - რა გახდა 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი - კვირის პალიტრა

"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა..." - რა გახდა 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი

7 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დემურ სტურუამ გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

"პოლიციელი გოდერძი მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იაბეტისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გოდერძი თევზაძე - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა", - წერს სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ახალგაზრდა (წერილის ფოტოს "ლიბერალი" ავრცელებს).

გარდაცვლილის დედა ნანა სტურუა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამართალდამცველი გოდერძი თევზაძე მის შვილს სისტემატურად სცემდა, რასაც დემურ სტურუამ ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"სიკვდილამდე წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის სამართალდამცველის ზეწოლას ვერ უძლებდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს სამართალდამცველი ჩემს შვილს სისტემატურად სცემდა," - განაცხადა გარდაცვლილის დედა ნანა სტურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დემურ სტურუას გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე პოზიცია დატოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი საკითხი კადრების განყოფილებაშია გადაცემული გამოძიების დასრულებამდე.

ახალგაზრდის თვიმთმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 8 აგვისტოს, შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

”გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს”, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო