"მოკლული დედა შვილმა იპოვა" - კვირის პალიტრა

"მოკლული დედა შვილმა იპოვა"

რამდენიმე დღის წინ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში 76 წლის ქალბატონი გაუჩინარდა. მის მოსაძებნად საქმეში პოლიცია ჩაერთო, 4-დღიანი ძებნის შემდეგ გაუჩინარებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ის საკუთარ მარანში, ქვევრში ჩაგდებული ნახეს. სოფელ შაქრიანის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე გაგონებული საუბრობს:

- ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ეს ტრაგედია მარტო ერთი ოჯახის უბედურება არ არის, ეს მთელი სოფლის უბედურებაა. ცივსისხლიანმა დამანაშავემ მოხუცი მარტო დაიგულა, მოკლა და ქვევრში შიშველი დამარხა! საცოდავმა მთელი ცხოვრების ჩვენ გვერდით გაატარა. შვილი და შვილიშვილები თბილისში ჰყავდა და თბილისისკენ ხომ არ გაიწვდიდა ხელს, როცა რაიმე დასჭირდებოდა, ისევ სოფელი იყო მის გვერდით. საწყალი ქალი  ბოლო დროს იმას განიცდიდა, სოციალური დახმარება მქონდა და მომიხსნეს, ვერ გავიგე, რატომ, რომელი გამდიდრებული მე მნახესო?.. იმ დღეს პურისთვის გაატანა ფული თურმე მეზობელს და შეჰპირდა, გზაზე დაგხვდებიო. რომ არ დახვდა, იმ მეზობელმა მოგვიანებით პური თავად მიუტანა სახლში და რადგან არ გამოეხმაურა, მაგიდაზე დაუტოვა და შინ წავიდა. მეორე დღეს, კვირას, ის მეზობელი ისევ მივიდა და ამჯერადაც რომ არ დახვდა, სახლი გაჩხრიკა და მოხუცის ნახევრადდამწვარი საცვალი იპოვა. მერე გულგადატრიალებულმა დაურეკა მეზობლებს.

- სხვა კვალი არაფერი იყო?

- არაფერი. ქალი 4 დღე ყველგან ეძებეს და ვერ ნახეს. საგონებელში იყვნენ ჩავარდნილები, -76 წლის ქალი ან ასე შორს რატომ უნდა წასულიყო ანდა, საერთოდ რატომ უნდა გამქრალიყო, მას საოცრად საღი გონება ჰქონდა და ისედაც კარგი ადამიანი იყო; ქალი ისე მოხუცდა, სოფელში კაცს ვერავინ იპოვის, ვისაც მისგან წყენა ახსოვს. ბოლოს ისევ შვილმა მიაგნო - ქვევრის სახურავმა დააეჭვა, - მე ასე არ დამიტოვებიაო. ახადა და მოკლული დედა იქ იპოვა. არც ერთ შვილს, არც ერთ სოფელს არ ვუსურვებ ამ მდგომარეობაში მოხვედრას.

ქვევრში შიშველი ადამიანის ჩაგდებას და საცვლის დაწვის აზარი ჯანმრთელ ადამიანს აზრად როგორ მოუვა. თანაც, ქალს თავი აქვს გატეხილი. ალბათ წინააღმდეგობა გაუწია და თავში რაღაც ჩაარტყა.

შსს-მ კახეთში, სოფელ შაქრიანში მკვლელობისთვის 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.  ოფიციალური ინფორმაციით, "ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული თ. ხ.-ს, საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა". დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)