"მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ" - ზღვაში დაკარგულთა ძებნა გრძელდება - კვირის პალიტრა

"მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ" - ზღვაში დაკარგულთა ძებნა გრძელდება

"ჩემი შვილი პირველი იყო ცურვაში. უჟანგბადოდ რომ გასულიყო, შეძლებდა უკან გამოსვლას"

16 აგვისტოს, შავ ზღვაში, სამხედრო სწავლებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ორი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე დაიკარგა. ისინი გეგმიურ მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. სამხედროებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში ჩავიდნენ და დაკარგული სამხედროების მშობლებსა და ახლობლებს თანადგომა გამოუცხადეს.

სანაპიროზე შეკრებილმა ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს:

"ვერაფერს ვიტყვი, ალბათ ღვთის წერა იყო, ჩემმა შვილმა საუკეთსოდ იცოდა ცურვა... გეხვეწებით, ბატონო პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ", - მიმართა პრეზიდენტს იაგო შარაძის დედამ.

"მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

იაგო შარაძის მამა კი თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.

"ვფიქრობ, უსაფრთხოება არ იყო დაცული. მეც გვიან გამაგებინეს. ამბავი პირველ საათზე მოხდა და მე სამი საათის შემდეგ გავიგე. ვინც იყო ინსტრუქტორი ალბათ იმის ბრალია. ჩემი შვილი პირველი იყო ცურვაში. უჟანგბადოდ რომ გასულიყო, შეძლებდა უკან გამოსვლას, მაგრამ სიღრმეში რომ შევიდნენ, კონტროლი ხომ იყო საჭირო? ინსტრუქტაჟი ხომ უნდა ჩაეტარებინათ", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.

მომხდართან დაკავშრებით ოფიციალური განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ:

"გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენი საშუალებაც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

სამინისტროს ცნობით, კაპრალი იაგო ვლადიმერის ძე შარაძე (დაბ. 07.02.1990) საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობს.

I კლასის რიგითი გიორგი გელას ძე ნანეტაშვილი (დაბ. 25.08.1992) კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.

როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ: "სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური უკვე ჩაერთო"

მოამზადა ეკა გადახაბაძემ