"არშემდგარ ტერაქტში ბრალდებულთაგან, სავარაუდოდ, სამი ვაჰაბიზმის მიმდევარია" - კვირის პალიტრა

"არშემდგარ ტერაქტში ბრალდებულთაგან, სავარაუდოდ, სამი ვაჰაბიზმის მიმდევარია"

"საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, არის ეჭვი, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია"

ტერაქტის მომზადებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს გარკვეული მასალები, მათ შორის "ფეისბუკგვერდები" და ფოტოსურათები, რომლის თანახმადაც, გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ბექაური, მინდია ვაშაყმაძე და ჯაბა მელქაძე შესაძლოა ვაჰაბიზმის მიმდევრები იყვნენ.

როგორც ჭრელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვაჰაბიზმის მიმდევრობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზე სურათი მიზანმიმართულად არ აქვს გადაღებული.

"საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, არის ეჭვი, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია. ბექაურს ახლაც ჰკითხეს გამომძიებლებმა ამის შესახებ, თუმცა მან აღნიშნა, რომ არ არიან ვაჰაბიზმის მიმდევრები. საქმის მასალებში დევს "ფეისბუქ" გვერდები, რომელიც ვაჰაბიზმს ეხება, ასევე ფოტოსურათები, რომელიც ბექაურს "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზე აქვს გადაღებული და, ალბათ, აქედან გამომდინარე არის ეჭვი. ბექაურმა გამომძიებლებს დაუფიქსირა, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და არავითარი შემხებლობა სხვა რელიგიასთან არ აქვს", - განაცხადა ჭრელაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა გამოძიებას ეჭვი, რომ ტერაქტი შესაძლოა რომელიმე უცხოური დაჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული, ადვოკატის თქმით, საქმის მასალების მიხედვით, რაიმე უცხოურ ან ისლამურ დაჯგუფებებზე საუბარი არ არის.

ბრალდებულ ბექა ბექაურის ადვოკატის, მაია ჭრელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან გეგმავდა, სადაც მავთულხლართებია განლაგებული.

"ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, იქ, სადაც მავთულხლართებია განლაგებული. მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ იტანს რუსეთს. ამბობს, რომ 3 წელი აგროვებდა იარაღს. მისივე თქმით, ჯარისკაცი იყო და არ გაუჭირდებოდა იარაღის შეგროვება", - განაცხადა ბექა ბექაურის ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"