"არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა" - ვოვა არუთინიანის წერილი და საჩუქრები ჭიათურელი უმწეოებისთვის - კვირის პალიტრა

"არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა" - ვოვა არუთინიანის წერილი და საჩუქრები ჭიათურელი უმწეოებისთვის

ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.

ჟურნალი ამჯერად კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"კიდევ ერთხელ დაზუსტებით მინდა ვთქვა, არ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ არუთინიანის უდანაშაულობა ვამტკიცოთ, თუმცა, მედიასა და სოციალურ სივრცეში არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ ვოვა არუთინიანი, როგორც "დაბალი ღობე", ისე გამოიყენეს ამერიკის წინაშე "რევერანსისთვის"...

როცა საზოგადოებაში დიდია ინტერესი, კითხვებს აქვს ლეგიტიმური საფუძველი, რატომ არ შეიძლება გადაიხედოს არუთინიანის საქმე სახელმწიფო პირების სურვილით? რატომ არ ცდილობენ ამას თუნდაც, პოლიტიკური სუბიექტები ან ადამიანთა უფლებათა დამცველები?

როცა "გზამ" ვოვა არუთიანიანზე ბოლო წერილი გამოაქვეყნა, ჟურნალის ეს ნომერი უვადო პატიმრის დედას, ანჟელა არუთინიანს ავტობუსის გამცილებელმა უჩვენა თურმე (ვოვას და ანჟელას თბილისში თითქმის ყველა იცნობს). ქალბატონმა ანჟელამ ჩემი სატელეფონო ნომერი მოიძია და დამირეკა. ჩვენი საუბარი დაახლოებით ასეთი იყო:

- ბატონო როლანდ, მე ვოვა არუთინიანის დედა ვარ და თქვენი წერილი ვნახე "გზაში". ჩემმა შვილმა თქვენთან გამომატანა სუვენირები, რომელიც იმ მოხუცებს მინდა მიუტანოთ, უფასო სასადილოში რომ იკვებებიან".

...

სუვენირებთან ერთად კონვერტში წერილი იდო...

ამონარიდი წერილიდან:

"თბილისის მე-7 დაწესებულებაში მე-11 წელია ვზივარ... ვცდილობ, არ გადავიქცე აქ გათიშულ, უტვინო, უვარგის არსებად. ყოველდღე ვმუშაობ, ვაკეთებ ნივთებსა და პორტრეტებს, ვვარჯიშობ. ვცდილობ რაიმე ახალი ვისწავლო, ახალ ამბებს ვისმენ ტელევიზიითა და რადიოთი, ვკითხულობ გაზეთებს... უსაქმურად ნამდვილად არ ვზივარ. არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად! მე ისევ ის ადამიანი ვარ!

თქვენ, ჟურნალისტებს უზარმაზარი ძალაუფლება გაგაჩნიათ... თუ მასმედია ვინმეთი ინტერესდება, მერე იმას ყურადღებას აქცევენ. თქვენ უროებივით ხართ: კარზე რომ დაუკაკუნებთ, ჩინოვნიკებს კარგად ესმით მერე..." (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 25 აგვისტოს ნომერში)

იხილეთ ასევე: "ნუ დაკარგავთ იმედს. არიან ისეთებიც, რომლებიც ციხეში უვადოდ ზიან" - რა მოსწერა ციხიდან ვოვა არუთინიანმა "გზის" ჟურნალისტს?!