"გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი" - დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა - კვირის პალიტრა

"გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი" - დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

7 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დემურ სტურუამ გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. (იხ: "ბევრ პოლიციელს რომ შერჩა დანაშაული, ამიტომ ბედავენ ამდენს" - სამტრედიაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები)

დემურ სტურუას ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. მათი თქმით, ექსპერტიზის პასუხში წერია, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია.

”ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი. ასევე დადასტურდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ავთენტურობაც. ამიტომ ვითხოვთ წერილში ნახსენები პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასტიკად დასჯას, თუმცა როგორც გავიგეთ ის გაქცეულია და მიმალულია. ვითხოვთ, რომ გოდერძი თევზაძე დაკავებულ იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მივმართავთ და 40 დღის შემდეგ მიცვალებულს ამოვთხრით და პოლიციასთან დავასვენებთ”, - განაცხადა გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა.

შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, გოდერძი თევზაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით წარედგინა. მათივე ცნობით, გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება.

”ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას.

გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით