"მეშინია, იმ ბიჭსაც არაფერი მოსწიონ" - ბრალდებული პოლიციელი მართლმსაჯულებას ემალება - კვირის პალიტრა

"მეშინია, იმ ბიჭსაც არაფერი მოსწიონ" - ბრალდებული პოლიციელი მართლმსაჯულებას ემალება

30 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. (წყარო)

როგორც გაირკვა, პოლიციელმა, რომელსაც სტურუების ოჯახი კარგა ხანია ადანაშაულებს, მიიმალა. 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

ამ საკითხზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა პროკურორმა კოკა კაციტაძემ:

"ჩვენ გვქონდა 2 კვირა ამ საქმის გამოსაძიებლად. ჩასატარებელი იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ათეულობით ადამიანი არის ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, ჩატარებულია ექსპერტიზები, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და კალიგრაფიული ექსპერტიზა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამოწურა ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც აუცილებელი იყო ბრალდების წარსადგენად, სწორედ მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ავიღეთ დაკავების განჩინება და ამის შემდეგ დავიწყეთ მისი ძებნის და დაკავების ღონისძიება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რა შემთხვევაშიც ჩვენ მივიღებდით დაკავების განჩინებას და ეს მართლაც ასე მოხდა", - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

პროკურორის თქმით, ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ორჯერ დაკითხეს და ის გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. "12 აგვისტოდან მოყოლებული იძიებს პროკურატურა ამ საქმეს და როგორც აღვნიშნე, ათეულობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, მათ შორის მოწმის სახით ორჯერ დაკითხულია ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე და იგი ცდილობდა, რომ კვალი აერია გამოძიებისთვის და შეცდომაში შეეყვანა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა,  იგი საგამოძიებო ორგანოს მიემალა. იგი არის მოწმის სახით დაკითხული და ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გავატარეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავიღეთ დაკავების განჩინება. დაკავების განჩინება არ გაიცემა მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე. აქ უნდა იყოს მოთხოვნა და მას უნდა ერთვოდეს კონკრეტული მტკიცებულებები. ჩვენ რომ არ გვქონოდა მტკიცებულებები, ვიდრე არ ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა კაციტაძემ.

სტურუას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ გოდერძი თევზაძეს ვიღაც მფარველობს და სწორედ ამიტომ არ დააკავეს ის აქამდე, ახლა კი მიმალვაში ეხმარებიან.

ნონა ჯოჯუა, გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა:

- ჩემი შვილის მეგობარი, საქმის მოწმე ოლეგ თავაძე დემურის თვითმკვლელობამდე 15 დღით ადრე თევზაძეს უცემია. რამდენი ხალხი ჰყავს გამწარებული იმ გარეწარს! გოდერძიმ ორჯერ მიუგზავნა ოლეგს ნათესავები და შეუთვალა, სხვის საქმეში ნუ ჩაერევი, გაჩუმდიო. მეშინია, იმ ბიჭსაც არაფერი მოსწიონ. თუ არ დააკავებენ თევზაძეს, ჩემი ხელით გავთხრი შვილის საფლავს და მის ცხედარს გოდერძის სახლთან მივიტან. არ მოვისვენებ, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელს არ დააკავებენ. (იხილეთ სრულად)