რუსთავში სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ეძებენ - კვირის პალიტრა

რუსთავში სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ეძებენ

"ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში, სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა"

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის სამძებრო ღონისძიებები ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. ძველ რუსთავში მიმდინარეობს.

გაქცეული პატიმრის სამძებრო ღონისძიებებში სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმია ჩართული. ქუჩებში მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

პატიმრის ძებნა რუსთავის ქალაქო სასამართლოს, მერიის და მეტალურგიის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

ამასთან, არსებობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომლიც აცხადებს, რომ დაინახა, როგორ გადაძვრა ახალგაზრდა მამაკაცი სასამართლოს ღობეზე. აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, სწორედ გაქცეული პატიმარი უნდა იყოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრლდებულმა ო.ვ.- მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა.

"ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში, სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „რუსთავი 2“-მა საზოგადოებას აცნობა, საბადრაგო სამსახურმა პატიმარი პროცესზე მიიყვანა, რა დროსაც ის სავარაუდოდ ბრალდებულებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს პატიმრის ინტერნსიური ძებნა“, - აცხადებს ტელეკომპანია, რომლის განმარტებითაც, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები პატიმრის ფოტოს ასლით მოძრაობენ ქალაქში და ადგილობრივებს მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"