"იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?! - კვირის პალიტრა

"იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?!

ბადუკა ნათობაძე სამარტოო საკანშია გამოკეტილი

...ბადუკამ "რენჯროვერი" შენიშნა, რომელშიც სოსო ჯოხაძე იჯდა. შალიკაშვილს უთხრა, იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო... ბადუკამ ოთარ გვრიტიშვილს შავი მაისური გამოართვა... ჯოხაძის მანქანა აბაშიძის ქუჩით ფალიაშვილისკენ წავიდა და საცობის გამო გადაადგილება გაუჭირდა. ამ მომენტით ისარგებლა ნათობაძემ, ჩავიდა მანქანიდან, თავზე გადაიფარა გვრიტიშვილის მაისური, მიუახლოვდა ჯოხაძის მანქანას და ჩზ-85 მარკის ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისროლა

(ფოტოზე: ბადრი (ბადუკა) ნათობაძე და გიორგი ფეიქრიშვილი)

2 სექტემბერს ვაკეში სოსო ჯოხაძის მკვლელობას, სავარაუდოდ, გაგრძელება ექნება, საზოგადოებაში უკვე ლაპარაკია მოსალოდნელ შურისძიებაზე. როგორც ჩანს, ამ საფრთხეს სამართალდამცავებიც ხედავენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ პოლიციამ ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი (ბადუკა) ნათობაძის მშობლებს დაცვა დაუყენა. საქართველო სასწრაფოდ დატოვა ნათობაძის ფეხმძიმე მეუღლემ, ნინა გვათუამ, ის ამერიკაში გაემგზავრა (გიგი უგულავას მერობის დროს ის მერიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო).

მართალია, ორი დაჯგუფების მოსალოდნელ დაპირისპირებაზე კულუარებში ბევრს ლაპარაკობენ თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს ყველა ერიდება. არც იმას გამორიცხავენ, რომ ჯოხაძის მეგობრებმა ნათობაძის სამეგობროზე იძიონ შური. სანდო წყაროს ცნობით, არც ის არის გამორიცხული, ციხეში გაგრძელდეს გარჩევები, რადგან ჯოხაძეებისა და ნათობაძის არაერთი მეგობარი იხდის სასჯელს. როგორც ჩანს, პრევენციული ზომები უკვე გაატარა სასჯელაღსრულების სამინისტრომ - ბადრი (ბადუკა) ნათობაძე სამარტოო საკანშია გამოკეტილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადუკა ნათობაძე 2002-2003 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. პრესაში დაიწერა, რომ, ბადუკა ნათობაძე სააკაშვილის ე.წ. ზონდერების ჯგუფის წევრიც იყო თუმცა ოფიციალურად არც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში არ ირიცხებოდა.

"ფეხმძიმე ცოლის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს"

ხათუნა თეზელაშვილი, ნათობაძის ადვოკატი:

- ბადუკას ბოროტ ხმებს უვრცელებენ. სიმართლე სხვაა, მაგრამ ამ დეტალების გახმაურება ჯერ არ უნდა ბრალდებულს. ბადუკა იმ დღეს ფეხმძიმე ცოლთან ერთად იყო კაფეში, სადაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

- კაფეში ინციდენტის დროს ჯოხაძეებმა მართლაც მოაჭრეს ყური?

- მას ყურზე დაზიანების კვალი ეტყობა. ეს დაზიანება კაფეში, ფეხმძიმე ცოლის თვალწინ მიაყენეს.

- კიდევ ერთი ვერსიით, გარკვეულმა ძალებმა ბადუკა გამოიყენეს ჯოხაძეების მოსაშორებლად, იცოდნენ, რომ ის ჯოხაძეებზე იყო გაბრაზებული.

- ნაწილობრივ ვეთანხმები ამ ვერსიასაც, თუმცა, ის ჯოხაძეებთან არ ტყუის.

- ამბობენ, რომ შესაძლოა, მასზე შური იძიონ.

- ბადუკას ისევ ეტყობა დაკავების დროს მიყენებული დაზიანებები ხელზე, მკლავებსა და იდაყვებზე. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ახლა საკანში მარტოა, ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიიღო, რადგან საფრთხე ნამდვილად ემუქრება. საფრთხე ემუქრება მის მეგობრებსაც.

- ნათობაძე სააკაშვილთან დაახლოებული პირია?

- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არველაძის დროს ნამდვილად მუშაობდა.

- ძალოვანებმა დააკავეს გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ყანჩაველი და ნოდარ ნიშნიანიძე, მათ იარაღის შენახვა-შეძენას ედავებიან. ოჯახის წევრების მტკიცებით, დაკავებულებს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. ნათობაძესთან მათ ურთიერთობაზე რას გვეტყვით, იცნობენ ერთმანეთს?

- დიახ, იცნობენ... მეტს ვერაფერს გეტყვით.

რას ჰყვება ფეიქრიშვილი

ოფიციალური ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, ფეიქრიშვილს რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ, ამასთან, ურეკავდნენ და მოითხოვდნენ, წასულიყო საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით ემუქრებოდნენ. გიორგი ფეიქრიშვილმა დაკავებამდე ჟურნალისტთან საუბარში თქვა, რომ ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ მის სახლთან მუდმივად იდგნენ პოლიციის მანქანები. ის მომხდართან კავშირს უარყოფს. ფეიქრიშვილი ადრე იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს, 9 თვის შემდეგ კი რუსთავის სასამართლომ გაამართლა. ოჯახის წევრები კახი კალაძესაც ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ მისი დავალებით მათთან კალაძის ცოლისძმა რეკავდა და მოითხოვდა, ქვეყანა დაეტოვებინა. დღეს ციხეშია გიორგი ფეიქრიშვილის ტყუპისცალი ძმაც, ისიც სასჯელს იარაღის ტარებაზე იხდის. თავად კახა კალაძე აბსურდულს უწოდებს ფეიქრიშვილების ბრალდებას.

სასამართლო პროცესზე გიორგი ფეიქრიშვილმა განაცხადა: "რაღაცა დაარტყეს კარს და შემოცვივდნენ. მე კარადის თავზე დავიმალე და რაკი არ დავხვდი, ჩხრეკა დაიწყეს. მერე კარადის თავზე მიპოვეს და ჩამომიყვანეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა იმ კარადის თავზე ჩანთით იარაღი შემოდო. მერე ვითომ იარაღი იპოვეს და დაიწყეს, ეს რითი დადიხარო. მანამდეც უსაფუძვლოდ დამაკავეს - 1885 წლის ნაგანი ჩამიდეს, მაგრამ გავმართლდი. მოითხოვდნენ, წადი საქართველოდან, რახან არ მიდიხარ, სისტემას ეჯახებიო>? როგორ წავსულიყავი უფულოდ? ბიძაჩემი გერმანიის მოქალაქეა, მასთან უნდა წავსულიყავი ლეგალურად, ჩაწერილი ვიყავი საელჩოში 9 სექტემბერს, მაგრამ არ დამაცალეს", - ამბობს ფეიქრიშვილი.

ფეიქრიშვილის დაკავების დღეს დააკავეს მისი მეგობარი ნოდარ ნიშნიანიძეც. ნიშნიანიძე წარსულში ნასამართლევია. მან და მისმა მეუღლემ დაკავებამდე ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მათ პოლიცია უთვალთვალებდა. ნიშნიანიძის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. "ჩემი ქმარი დღეს უკანონოდ წავიდა ციხეში, არაკაცები ხართ. ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი - განაცხადა ნიშნიანიძის მეუღლემ, ნუკა ჩიკვაიძემ.

ბრალდებული ნოდარ ნიშნიანიძე ცდილობდა, თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა სასამართლო. "რომ მოვიდნენ, ვეუბნებოდი, ადვოკატი მყავს-მეთქი, მაგრამ მას შემოსვლის უფლება არ მისცეს. გადამიყვანეს შსს-ში, ამიყვანეს მე-7 სართულზე რომელიღაც ოთახში და იძულებით მომაკიდებინეს იარაღზე ხელი... მერე ბამბა მოიტანეს და, დააფურთხეო, რაზეც უარი ვუთხარი. წყლიან ბოთლს მირტყამდნენ. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას და დავუფურთხე ბამბაზე.

2015 წლის 18 ოქტომბერს, იარაღი ჩამიდეს. 9 თვის შემდეგ გამამართლეს და გენინსპექციაში საჩივარი შევიტანე. როდესაც გამათავისუფლეს, სამი დღის შემდეგ შემომითვალეს, დამეტოვებინა ქვეყანა და საჩივარიც გამომეტანა გენინსპექციიდან. იმ საჩივარზე გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა. სანამ სახლში შემოვიდოდნენ, ვიდეოს ვწერდი და გიჟი უნდა ვიყო, რომ ამ დროს იარაღი ტახტის ქვეშ მედოს. რამდენი იარაღიც უნდა ჩამიდონ, საქართველოდან არ წავალ. არავითარ საფრთხეს არ წარმოვადგენ და არც იმ საჩივარს გამოვიტან".

გიორგი ყანჩაველი პოლიციამ ქუჩაში დააკავა. წარსულში ისიც ნასამართლევია და გავრცელებული ინფორმაციით, ის ბადუკას მეგობარია. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ყანჩაველისგან ამოღებულია პისტოლეტი მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ცალი თეთრი აბი და 2 ცალი თეთრი აბის ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა. გიორგი ყანჩაველის ავტომანქანის ჩხრეკისას 24 ცალი ვაზნა ამოიღეს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ფეიქრიშვილების, ანუ ტყუპის, დაჯგუფებაში" მოიაზრებიან ბადუკა ნათობაძე და ნოდარ ნიშნიანიძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, მათ დაპირისპირება ჰქონდათ ჯოხაძეების დაჯგუფებასთან.

"იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო..."

ცნობილია ისიც, რომ დაკავებული გიორგი ყანჩაველი მკვლელობის დღეს ბადუკა ნათობაძესთან ერთად იმ მანქანაში იჯდა, რითაც ნათობაძე გადაადგილდებოდა. მანქანაში სულ 5 პირი იჯდა: საჭესთან - 24 წლის თორნიკე შალიკაშვილი, ბადუკა ნათობაძე, გიორგი ყანჩაველი, ოთარ მენთეშაშვილი და სპარტაკ გვრიტიშვილი. ოთხივეს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება წაუყენეს.

"კაფეში ბადუკა და მისი მეგობრები იყვნენ, მათ შეუერთდნენ გიორგი ყანჩაველი და თორნიკე შალიკაშვილი. ცოტა ხნის შემდეგ დატოვეს კაფე, ჩასხდნენ მანქანაში და ამ დროს შენიშნა ბადუკამ "რენჯროვერი", რომელშიც სოსო ჯოხაძე იჯდა. შალიკაშვილს უთხრა, იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო... ბადუკამ ოთარ გვრიტიშვილს შავი მაისური გამოართვა... ჯოხაძის მანქანა აბაშიძის ქუჩით ფალიაშვილისკენ წავიდა და საცობის გამო გადაადგილება გაუჭირდა. ამ მომენტით ისარგებლა ნათობაძემ, ჩავიდა მანქანიდან, თავზე გადაიფარა გვრიტიშვილის მაისური, მიუახლოვდა ჯოხაძის მანქანას და ჩზ-85 მარკის ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისროლა. მძიმედ დაიჭრა ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი, საჭესთან მჯდომი ჯოხაძე კი დაიღუპა. შალიკაშვილმა, ყანჩაველმა და სხვებმა იქაურობა დატოვეს. მათ არ შეატყობინეს სამართალდამცავებს მომხდარი. გაიქცა ნათობაძეც, მაგრამ ის მალევე დააკავეს ვერეს ხეობაში", - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა და დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდება ითხოვა.

24 წლის თორნიკე შალიკაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატების, ზაზა მესხისა და ნუგზარ წერეთლის მტკიცებით, თორნიკემ არ იცოდა, რომ ნათობაძემ ჯოხაძე მოკლა, რაც შეეხება შეუტყობინებლობას, მათი თქმით, პოლიცია უკვე იქ იყო და არ იყო აუცილებლობა, შალიკაშვილს დაერეკა.

ბრალდებული გიორგი ყანჩაველიც ცდილობდა, შალიკაშვილის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა სასამართლო:

- თორნიკე საჭესთან იჯდა, მან პირველად ნახა იმ დღეს ბადუკა ნათობაძე. მისი გვარიც არ იცოდა. მე მიმიყვანა იმ დღეს კაფეში. მეუღლესა და შვილთან მიეჩქარებოდა. მე ვარ გარანტი, მე ვრჩები ციხეში და გთხოვთ, ის გაათავისუფლოთ".

ადვოკატ ზაზა მესხის თქმით, შალიკაშვილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, წარსული შეუბღალავი აქვს, მამამისი შს სამინისტროში მუშაობდა და სამსახურებრივ მოვალეობას შეეწირა: "ბიჭი სტუდენტია, მუშაობს და არჩენს ოჯახს, თან ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და პატიმრობას ნუ შეუფარდებთ. მით უფრო, ციხეში უფრო მეტი საფრთხე ემუქრება ჯოხაძის ახლობლებისგან", მიუხედავად ამისა, მოსამართლემ შალიკაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება დაჭრილ ზაქარია ჩიბუხაშვილს, ის კვლავ საავადმყოფოშია. თავდაპირველი ინფორმაცია, რომ მანქანაში გიორგი ჯოხაძეც იჯდა, პროკურატურაში არ დაგვიდასტურეს.

გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა