"ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა" - ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - კვირის პალიტრა

"ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა" - ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

29 სექტემბერს, ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 15 წლის მოზარდი დაიჭრა. საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა.

როგორც კლინიკა “მედ ჯორჯიას” ექიმმა ნავოლისი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს უმძიმესი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებეული.

მიყენებული ჭრილობის გამო დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ფილტვის ზედა წილიც. ფაქტიურად ორგანიზმი მთლიანად იყო დაცვლილი სისხლისგან. ჩვენს მიერ გაკეთდა ლავიწქვეშა ვენისა და არტერიის გადაკვანძვა, რათა სისხლდენა შეგვეჩერებინა. შემდეგ ჩარევა მოხდა გულმკერდის ღრუში. პაციენტი დატოვებული იყო საოპერაციო ბლოკში, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გაკეთდა ვერ მოხერხდა ამ ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა”, - განაცხადა ნავოლისი ქობულიამ.

პოლიციამ უკვე დააკავა მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ბიჭი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში - 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

”ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.