გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

შსს-მ დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროა.

„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული პირის და მათთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების წესი. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები. დისტანციული პულტები, ელექტროსადენები და სხვადასსდხვა დეტალები, დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები, მოთეთრო ფერის ფხვნილი, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. ორი მოწითალო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, ერთი მომწვანო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, მუყაოს სამი კოლოფი მათში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით. ავტომატი, იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, 6 ხელყუმბარა, 16 მჭიდი, 2112 ვაზნა და სხვა“, - განაცხადეს შსს-ში.

იხილეთ ასევე: "მათი შემდეგი სამიზნე სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი არიან" - ვინ დაგეგმა თარგამაძის მანქანის აფეთქება?!

"ინტერპრესნიუსი"